
Bloomberg: ბერნემმა ირანზე აშშ-ის დარტყმებისთვის ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენებას მხარი დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უფლება მისცა აშშ-ს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის ბრიტანეთის სამხედრო ბაზები გამოიყენოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ბერნემმა თავისი წინამორბედის კირ სტარმერის პოლიტიკის გაგრძელების ფარგლებში მიიღო, იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს აფართოებს.
წყაროების ინფორმაციით, გასულ პარასკევს სტარმერმა მაღალი რანგის მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს ბრიტანეთის პოლიტიკა მას შემდეგ, რაც აშშ-მა მიმდინარე თვის დასაწყისში ირანის წინააღმდეგ ოპერაციები განაახლა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო-გარსიას სამხედრო ბაზა და ინგლისის გლოსტერშირში განთავსებული RAF Fairford კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ამერიკული სამხედრო ავიაციისთვის, რომელიც ირანის სარაკეტო საფრთხის შესაკავებლად და ჰორმუზის სრუტეზე თავდასხმებისთვის გამოყენებული ობიექტების წინააღმდეგ ოპერაციებს ახორციელებს.
Bloomberg-ის წყაროების თქმით, ბერნემი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ორშაბათს დაიკავა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში იყო და მას მხარი დაუჭირა. წყაროებმა ანონიმურობის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრის გამო მოითხოვეს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი პრემიერი შეინარჩუნებს წინა მთავრობის მიდგომას და აშშ-ს ბრიტანული ბაზების გამოყენების უფლებას მომავალშიც მისცემს. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფარგლებში ამერიკული ავიაცია, სავარაუდოდ, კვლავ ისარგებლებს ბრიტანეთის სამხედრო ინფრასტრუქტურით.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ირანის წინააღმდეგ განახლებული ამერიკული ოპერაციების მეათე დღე დასრულდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში დარტყმები განხორციელდა ირანის სამხედრო მართვის ცენტრებზე, სარაკეტო გამშვებ პოზიციებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კირ სტარმერისთვის პოლიტიკურად რთული აღმოჩნდა. ერთის მხრივ, მემარცხენე ძალები მისგან ბაზების გამოყენების აკრძალვას მოითხოვდნენ, ხოლო მეორეს მხრივ, დონალდ ტრამპი ლონდონისგან ირანის წინააღმდეგ ომში უფრო აქტიურ ჩართულობას ითხოვდა.
გამოცემის ცნობით, ბრიტანელ ოფიციალურ პირებში შეშფოთება გამოიწვია ტრამპის განცხადებებმაც, რომლებშიც ის ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე შესაძლო თავდასხმებს ახსენებდა. მათი შეფასებით, მსგავსი ქმედებები საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ბერნემის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, გააკრიტიკებენ „მწვანეთა პარტია“ და ლიბერალ-დემოკრატები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბრიტანული ბაზების გამოყენება ქვეყანას შესაძლო სამხედრო დანაშაულების თანამონაწილედ აქცევს.
იმედი
წყარო: imedinews.ge