
Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„მოუთმენლად ველი სექტემბერში ნიუ-იორკში ჩასვლას“, - განაცხადა ბერნემმა Bloomberg-თან ინტერვიუში. როგორც გამოცემა იუწყება, ის გაეროს გენერალური ასამბლეის მომავალ სხდომას გულისხმობდა. პრემიერ-მინისტრის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება აშშ-ში.
„დეტალები ჯერ საბოლოოდ არ დამიდასტურებია, თუმცა, სავარაუდოდ, წავალ, განსაკუთრებით დღევანდელი განხილვის შემდეგ. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ძალიან მკაფიოდ მესმის, რა უნდა გავაკეთო მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში“, - აღნიშნა ბერნემმა.
ბერნემმა აღნიშნული განცხადებები მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირველ საერთაშორისო ვიზიტის დროს გააკეთა. კიევში ვიზიტის ფარგლებში მან პირველად უხელმძღვანელა უკრაინის მოკავშირეების შეხვედრას და ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, წერს გამოცემა.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ზელენსკი არაერთხელ მოუწოდებდა ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს, დაეხმარონ უკრაინას Patriot-ის რაკეტების გადაცემაში და ზამთრისთვის არსებული მარაგების შევსებაში. მოსალოდნელია, რომ ზამთარში რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს კვლავ გააძლიერებს. Patriot-ის რაკეტები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად.
ბერნემის თქმით, ის კიევიდან „ნამდვილად ოპტიმისტური“ განწყობით წამოვიდა და მიიჩნევს, რომ უკრაინის პრობლემა, რომელიც რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად საჭირო რაკეტების მცირე მარაგს უკავშირდება, „მოგვარებადია“.
მისივე თქმით, ევროპელი ლიდერები გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის პერიოდში „მსურველთა კოალიციის“ კიდევ ერთი შეხვედრის გამართვას განიხილავენ. მიზანი აშშ-გან Patriot-ის რაკეტების მიღება და სხვა ქვეყნების მარაგებიდან დამატებითი რაკეტების მოძიება იქნება.
„როგორც ჩანს, მოვლენების განვითარების ყველაზე სავარაუდო მიმართულება სწორედ ეს იქნება. ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანების უმეტესობა სწორედ ამ გზის შესახებ ფიქრობდა“, - განაცხადა ბერნემმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები Patriot-ის იმ რაკეტებს არ იყენებენ, რომლებიც უკრაინას სჭირდება, თუმცა სხვა ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ.
„არსებობენ სხვა მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება და რომლებზეც ჩვენ გავლენა გვაქვს. სავარაუდოდ, გამოსავალი მრავალი კომპონენტისა და ბევრი მოლაპარაკებებისგან შედგება“, - აღნიშნა ბერნემმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge