
Brussels Signal: ევროკავშირის გაფართოება მას თავად დაშლის
გამოცემა Brussels Signal-ის ინფორმაციით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სირთულეებს აწყდება: თუ პოლონეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო, ახლა პოზიციას იცვლის, როგორ შეძლებს კიევი იმ ქვეყნების დარწმუნებას, რომლებიც ისედაც ნაკლებად უჭერდნენ მხარს მის წევრობას?
როგორც გამოცემის მიერ მომზადებული სტატიაშია აღნიშნული, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ სხვა ქვეყნები პოლონეთის მზარდ სკეპტიციზმს ერთგვარ ფარად გამოიყენებენ და თავად არ მოუწევთ საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება, ისევე, როგორც ზოგიერთი მთავრობა წარსულში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ზურგს უკან იმალებოდა, როდესაც ის ბრიუსელის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებოდა.
პოლონეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 2-დან 12 ივლისამდე ჩატარდა, ბრიუსელში შეშფოთება გამოიწვია. სახელმწიფო კვლევითი ცენტრის „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (CBOS) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლონეთში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა: 2022 წლის მარტში არსებული 90%-დან ის 50%-მდე დაეცა.
კიდევ უფრო საგანგაშოა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის გაწევრიანებას აქტიურად ეწინააღმდეგებიან: მხოლოდ მათი წილი 2%-დან 40%-მდე გაიზარდა.
თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, შესაძლოა ევროკავშირმა საბოლოოდ მადლობა უნდა გადაუხადოს პოლონეთს, რადგან შემდგომი გაფართოება, სავარაუდოდ, თავად ევროკავშირის არსებობას შეუქმნის საფრთხეს. რეალურად, წარსული გაფართოებები უკვე იქცა „შენელებული მოქმედების ნაღმად“, რომელიც შესაძლოა მომდევნო ათწლეულებში ამოქმედდეს და ევროკავშირიც თან გაიყოლოს.
ევროკავშირი 1992 წლამდე არ არსებობდა. მან მხოლოდ მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მიიღო დღევანდელი სახე. გაერთიანება გაჩნდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ცივი ომი მოიგო და საბჭოთა კავშირის ალტერნატივა ამერიკის ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისთვის გაქრა.
თავისი არსებობის განმავლობაში ევროკავშირი მთლიანად აშშ-ის ბირთვული ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებდა.
პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, რომელიც 1992 წლის შემდეგ ევროკავშირსა და ნატოს შეუერთდა, თავდაპირველად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე, წერს გამოცემა.
ევროკავშირში ნატოზე ადრე არ გაწევრიანებულ ქვეყნებს შორის იყვნენ მხოლოდ: ოფიციალურად ნეიტრალური ქვეყნები - ავსტრია და მალტა; ქვეყნები, რომლებიც მანამდე ნეიტრალურები იყვნენ - ფინეთი და შვედეთი (რომლებიც ნატოს მხოლოდ 2023 და 2024 წლებში შეუერთდნენ); ან ქვეყანა გაყინული სამხედრო კონფლიქტით - კვიპროსი.
ამ სწრაფმა გაფართოებამ ევროკავშირში თავი მოუყარა ქვეყნებს, რომლებიც მანამდე დასავლეთის ნაწილად ხშირად არ განიხილებოდნენ, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარ საზღვარს წარმოადგენდნენ ორ სხვადასხვა სამყაროს შორის. ახლა კი ევროკავშირი მათ საკუთარ სივრცედ აცხადებს.
ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის პირობებში ეს მარტივი ამოცანა იყო. ბალტიის ქვეყნები ევროკავშირსა და ნატოს 2004 წელს შეუერთდნენ, როდესაც რუსეთს მათი შეჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდა, აღნიშნულია გამოცემის სტატიაში.
ორი წლით ადრე, როდესაც ნატოში გაწევრიანების პროცესი მიმდინარეობდა, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2002 წლის 23 ნოემბერს ვილნიუსში ლიეტუველებს განუცხადა, რომ ისინი „ნატოს ალიანსში იყვნენ საჭირო“ და „საერთო უსაფრთხოებაში შეიტანდნენ წვლილს“.
ბალტიის ქვეყნები ინოვაციური, ლამაზი სახელმწიფოებია მდიდარი და უნიკალური ისტორიებით, რომელთა მნიშვნელობის შემცირებასაც, სტატიის ავტორის შეფასებით, ბრიუსელში ხშირად ცდილობენ. თუმცა ისინი საერთო უსაფრთხოებაში დიდ სამხედრო წვლილს ვერ უზრუნველყოფენ.
ესტონეთმა 2026 წელს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5,4%-მდე გაზარდა — ეს ნატოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თუმცა, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს მხოლოდ 2,4 მილიარდი ევროა. შედარებისთვის, აშშ-ის პენსილვანიის შტატმა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემისთვის 2026-2027 ფისკალურ წელს 3,4 მილიარდი დოლარი (დაახლოებით 3 მილიარდი ევრო) მოითხოვა.
ბალტიის ქვეყნების დამატება ევროკავშირსა და ნატოში რუსეთის შეკავების მიზნით მოხდა. ეს იყო მცდელობა, რაც შეიძლება შორს წასულიყვნენ იმ პერიოდში, როდესაც მოსკოვი სუსტი იყო. ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის პირობებში ეს რისკიანი არ ჩანდა.
თუმცა ახლა, როდესაც შეერთებული შტატები ამ ქოლგას უკან წევს, ევროკავშირზე მზის სინათლე სხვაგვარ სურათს აჩენს - ბრიუსელის პრობლემას: ერთმანეთისგან განსხვავებული ეროვნული ინტერესების მქონე ქვეყნების ნარევს, რომლებსაც ხშირად საერთო ძალიან ცოტა აქვთ, წერს Brussels Signal-ი.
ევროკავშირის ძლიერ ქვეყნებს - გერმანიასა და საფრანგეთს - შორის უკვე ჩანს ბზარები. თუმცა ეს უთანხმოებები უმნიშვნელო იქნება იმ განსხვავებებთან შედარებით, რომლებიც არსებობს, მაგალითად, პორტუგალიისა და ესტონეთის ან ლატვიისა და ბელგიის ეროვნულ ინტერესებს შორის.
ახალგაზრდა ევროპელებს საკუთარი ქვეყნების დასაცავად ბრძოლა თითქმის აღარ სურთ.
რიგის სტრადინშის უნივერსიტეტის მიერ ნატოს 32 წევრ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში ახალგაზრდების მესამედზე ნაკლები აცხადებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს.
რაც უფრო აღმოსავლეთით მივდივართ, ეს მაჩვენებელი იზრდება, თუმცა პოლონეთშიც კი 18-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების მხოლოდ 18 პროცენტი ამბობს, რომ იარაღს აიღებდა ხელში.
სტატიის ავტორი სვამს კითხვას: „ვინ აიღებს იარაღს ხელში ბალტიის ქვეყნების დასაცავად, თუ ისინი საკუთარი მეზობლების დაცვასაც არ აპირებენ?“.
იმედი
წყარო: imedinews.ge