
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში უკვე აშკარაა - ეს არ არის მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში; ეს არის უფრო ფართო პროცესის ნაწილი
ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი შეფასებით, ეკონომიკური ნაწილი დაკავშირებული იყო ალტერნატიულ გეოგრაფიულ ხედვასთან, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც რეგიონული სუბიექტები, პრაქტიკულად არ განიხილებიან, ხოლო ძირითადი აქცენტი სომხეთზე კეთდება.
ანალიტიკოსის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან გაჟღერებული ხედვები, რომლის მიხედვითაც ევროპისკენ მიმავალი ტვირთბრუნვა შესაძლოა სომხეთზე გადიოდეს, კითხვებს ბადებს, რადგან ამ კონტექსტში საქართველო საერთოდ არ ფიგურირებს.
„ერევნის სამიტს ჰქონდა ორი მიმართულება - ნაკლებად ეკონომიკური და უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური. ეკონომიკური მიმართულება დაკავშირებული იყო ერთგვარ ალტერნატიულ გეოგრაფიასთან, სადაც თითქოს ოფიციალური თბილისი და ბაქო საერთოდ არ განიხილება სუბიექტებად, და დღევანდელი სამიტის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ერევანზე, სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დროს, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ გეოგრაფიულ ხედვებს - თითქოს ევროპისკენ მიმავალი ტვირთბრუნვა, რომელიც აერთიანებს ჩინეთსა (ცენტრალურ აზიას) და ევროპას, უნდა გადიოდეს სომხეთზე, როგორც უმოკლეს გზაზე და ამ დროს თითქოს საქართველო საერთოდ არ ჩანს.
მე ვთავაზობ ევროპას, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა აიღონ თავიანთი წილი სატრანზიტო გადასახადებისა და ტარიფების, მიიყვანონ ეს ტვირთები - ჩინეთის საქონელი, ყაზახეთის ნავთობი, აზერბაიჯანის გაზი, ელექტროენერგია - სომხეთამდე და შემდეგ სომხეთიდან, როგორც ქალბატონი ურსულა ამბობს, უმოკლესი გზით მიაღწიოს ამ ყველაფერმა ბრიუსელამდე. ამ შემთხვევაში ჩვენ წაგებაში მაინც არ დავრჩებით, თუმცა როგორ და სად მიიტანს სომხეთი ამ ტვირთებსა და რესურსებს, ჩემთვის გაუგებარია.