
ძამაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ისაუბრა.
ძამაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებით, ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.
„ეს გადაწყვეტილება მარტო იმიტომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთან მიმართებით განსაზღვრა გამოხატვის თავისუფლების ფარგლები. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპულმა სასამართლომ თქვა, გამოხატვის თავისუფლება როდის უნდა იზღუდებოდეს. საქართველოს კანონმდებლობითაც და საერთაშორისო სამართლითაც, ყოველთვის განსაზღვრული იყო, რომ გამოხატვა არ არის აბსოლუტური“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
ძამაშვილმა განმარტა, რატომ არის სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი.
„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური აქტორების, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარე აქტორების მხრიდან იყო მცდელობა, არასწორი ნარატივი დამკვიდრებულიყო, თითქოს გამოხატვის თავისუფლება არის იმდენად აბსოლუტური, განსაკუთრებით თუ ის მიმართულია საჯარო პირების წინააღმდეგ, რომ თითქოს თუ ადამიანი არის საჯარო პირი, მან უნდა ითმინოს ყველაფერი: ლანძღვა, გინება, დამცირება, ზიზღი. ეს საქმე იყო მცდელობა, რომ უკვე თითქოს საერთაშორისო სასამართლოს მხრიდანაც, თუნდაც პატარა ნაწილში ან შეფასება გაკეთებულიყო ან რაღაც დარღვევა დადგენილიყო, საბოლოოდ მომხდარიყო ამ მცდელობის დამკვიდრება ქართულ რეალობაში, რომ თითქოს ლანძღვა-გინება არის დაშვებული.
