
Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს
ევროკავშირის მაღალჩინოსნები ცდილობენ შეამცირონ ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ჩატარებული რეფერენდუმის გავლენა და გაფართოების პროცესს ახალი იმპულსი შესძინონ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
როგორც ტელეარხი იუწყება, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები პარასკევს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში შეიკრიბნენ. ეს ირლანდიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართული პირველი არაფორმალური შეხვედრაა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების პროცესია, რომლის ფონზეც ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა ბრიუსელში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.
ისლანდიაში ამომრჩეველთა 52,8%-მა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47,2%-მა კი ინიციატივას მხარი დაუჭირა. მოლაპარაკებები 2013 წლიდან იყო შეჩერებული.
რეფერენდუმი უშუალოდ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე არ ჩატარებულა, თუმცა მისი შედეგი იმას ნიშნავს, რომ ისლანდია უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების განახლებას აღარ აპირებს, წერს Euronews-ი.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ისლანდიის გადაწყვეტილება ევროკავშირის მიმზიდველობის შემცირებაზე არ მიუთითებს.
მისი თქმით, ბოლო რვა თვის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით უფრო მეტი პროგრესი იქნა მიღწეული, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში რომელიმე სხვა წელს ცალკე აღებულს.
„ეს დინამიკა შემოდგომაზეც გაგრძელდება. ვწუხვარ, რომ ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დაბრუნება არ ისურვეს. ისინი საერთო ბაზრის წევრები არიან, ისინი შენგენის სივრცის წევრები არიან, თუმცა ევროკავშირი ამ ორი კომპონენტზე გაცილებით მეტია“, - განაცხადა კოსმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხოლოდ ეკონომიკურ გაერთიანებად აღქმა არასწორია.
„ვხედავ ტენდენციას, რომ ევროკავშირს ეკონომიკურ გაერთიანებამდე ამცირებენ. ეს ჩვენი კავშირის არსი ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
კოსმა ევროკავშირის უსაფრთხოების განზომილებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპას რუსეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხეების ფონზე ერთიანობა სჭირდება.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, სურს თუ არა ისლანდიას მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება, თავად ისლანდიელების გადასაწყვეტია.
კოსმა აღნიშნა, რომ 2010 წელს, როდესაც ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, წევრობას მოსახლეობის მხოლოდ 19% უჭერდა მხარს, მაშინ როდესაც ბოლო რეფერენდუმზე მხარდამჭერთა მაჩვენებელმა 47%-ს მიაღწია.
იმედი
წყარო: imedinews.ge