
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები
ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციები მიმდინარე კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეცვლა.
,,რთული გეოპოლიტიკური გარემო და აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ ზეწოლას ახდენდა ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ინფლაციის შემცირება და AI ცვლილებებთან დაკავშირებული ძლიერი საინვესტიციო ციკლი ეკონომიკას მნიშვნელოვნად აძლიერებდა. ევროკავშირის ეკონომიკაც ანალოგიურად ძლიერდებოდა, ხოლო ინფლაციური ზეწოლა კიდევ უფრო სუსტდებოდა. კონფლიქტმა ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა და გამოიწვია გლობალური ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეფერხება უახლეს ისტორიაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, გლობალური ზრდა [ევროკავშირის გამოკლებით] 2026 წელს 3.1%-ით, ხოლო 2027 წელს 3.5%-ით არის პროგნოზირებული. რაც შეეხება ევროკავშირს, 2026 წელს პროგნოზირებულია 1.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2027 წელს 1.4%.
,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინფლაცია, მოსალოდნელია, უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, რაც ასახავს როგორც რეგიონში სამომხმარებლო კალათაში ენერგომატარებლების უფრო მაღალ წილს, ისე ნომინალური ხელფასების უფრო დინამიკურ ზრდას. მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და ევროკავშირის სხვა ცენტრალური ბანკების უმეტესობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებენ ან, მინიმუმ, ადრე მოსალოდნელ შემსუბუქების ზომებს გადადებენ“, - წერს ევროკომისია ანგარიშში.
ევროკავშირის ქვეყნების პროგნოზებთან ერთად, ანგარიში ასევე აერთიანებს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ მიმოხილვას და პროგნოზებს. აღნიშნულ ნაწილში განხილულია საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ძირითადი ტენდენციები და მოლოდინები შემდგომი წლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის გაზაფხულის განახლების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 5.5%-მდე გაუმჯობესდა (2025 წლის შემოდგომის ანგარიშის შემდეგ, სადაც 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული).
