
Financial Times: ირინა მუდრას დათხოვნა უკრაინის პრეზიდენტს ახალ კორუფციულ სკანდალში გახვევის საფრთხეს უქმნის, თანაც იმ დროს, როდესაც მას ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი მწვავედ აკრიტიკებს
ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა თავისი ერთ-ერთი წამყვანი თანაშემწე მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა სამსახურებმა მის საცხოვრებელ სახლში რეიდი ჩაატარეს - ეს გადაწყვეტილება ემთხვევა პრეზიდენტის მიმართ გაზრდილ იერიშებს, რაც მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ წამოყენებული კორუფციული ბრალდებების სერიას უკავშირდება, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
ანტიკორუფციულმა სამსახურებმა რეიდების სერია მოაწყვეს იმ უკანონო სქემის გამოსავლენად, რომელიც სახელმწიფო ბანკის გავლით 3.4 მილიონი დოლარის გათეთრებას ითვალისწინებდა. აღნიშნული თანხით ზელენსკის ენერგეტიკის ექსმინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს გირაოს დაფარვა იგეგმებოდა, რომელსაც გასულ შემოდგომას ზელენსკის მმართველობის მანძილზე ყველაზე დიდ კორუფციულ სკანდალში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს.
სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ჩატარებული რეიდების ყველაზე გავლენიანი სამიზნე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირინა მუდრა გახდა, რომელიც ზელენსკის უახლოეს მოკავშირედ ითვლება. მასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებები შეეხო ერთ-ერთ დეპუტატსა და სახელმწიფო „სენს ბანკის“ ხელმძღვანელებს.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური პირის ცნობით, აღნიშნული თანხა „ფიქტიური ფირმების ანგარიშებზე გაატარეს და გაათეთრეს, რათა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრისთვის გირაო გადაეხადათ“.
მუდრას დათხოვნა პრეზიდენტს ახალ კორუფციულ სკანდალში გახვევის საფრთხეს უქმნის, თანაც იმ დროს, როდესაც მას ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი მწვავედ აკრიტიკებს.
რეიდის წინა ღამეს ფედოროვმა ზელენსკის მიმართულებით „ცეცხლი გახსნა“ - მან განაცხადა, რომ ფართოდ გავრცელებული კორუფცია რუსეთთან ომში უკრაინის პოზიციებს ასუსტებს და არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge