
გენადი არველაძე: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება წარმოადგენს პასუხს იმ თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებზე, რომლებიც მსოფლიოში 2018 წლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ გლობალურად ვითარდებოდა, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჩინეთ-საქართველოს შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის პირველად დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს
„შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რომელსაც დოკუმენტი აქამდე არ მოიცავდა. ეს გულისხმობს, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი ინვესტიციების მოზიდვას, გაამარტივებენ შესაბამის პროცედურებს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდიან ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებისთვისაა საჭირო. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციის ნაწილი. ეს ის თანამედროვე პლატფორმაა, რომელზეც გლობალური ვაჭრობაა დამყარებული. ჩინეთი ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერია და აქტიურად უწყობს ხელს მის განვითარებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ელექტრონული კომერციის ძირითადი წილი სწორედ ჩინურ პლატფორმებზე მოდის. ამ თვალსაზრისით, საკითხის ასახვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში უმნიშვნელოვანესია. ეს გულისხმობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღნიშნული მიმართულება მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოს შორის ელექტრონული კომერციის განვითარებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
მისივე თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში სანიტარულ და ფიტოსანიტარულ მიმართულებაში ახალი მექანიზმები ინერგება, რაც ტექნიკური და სავაჭრო ბარიერების დაჩქარებულად აღმოფხვრას ითვალისწინებს.
