
გენერალთა კლუბის დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე ბარამიძის განცხადებაზე: თუ ეს წამოცდენით ნათქვამია, იმ წუთში ამოიწურებოდა და ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ თუ შეგნებულად არის ნათქვამი და დღესაც ასე ფიქრობს - ეს დანაშაულია
თუ ეს წამოცდენით ნათქვამია, იმ წუთში ამოიწურებოდა და ბოდიშს მოიხდიდა. მაგრამ თუ ეს შეგნებულად არის ნათქვამი და დღესაც ასე ფიქრობს - ეს დანაშაულია, - განაცხადა საქართველოს გენერალთა კლუბის დირექტორმა მალხაზ ჩიხლაძემ გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, ეს განცხადება ქართველ ჯარისკაცებს შეურაცხყოფს.
„ეს თითოეული მეომრისთვის შეურაცხმყოფელია და სახელმწიფოს წინაშე დანაშაულია. მოტივად აიღეს ახლა ეს [განცხადება] და ხავსს რომ მოეჭიდები, ისე მოეჭიდნენ, მაგრამ არა მგონია, რომ რაიმე საფუძველი ჰქონდეთ, გამოძიება მიმდინარეობს და ერთი ფაქტი მაინც ხომ უნდა დადასტურდეს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ვერ დადასტურდება“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.
ბარამიძის ამ განცხადების საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
იმედი
წყარო: imedinews.ge