
გიორგი გაბუნია დანიის ეროვნული პოლიციის პასუხზე: შემაშფოთებელი კადრები ვიხილეთ აქციის დაშლის პროცესში, როგორ იქცეოდა პოლიცია და როგორ ეპყრობოდა აქციის მონაწილეებს ევროპის შუაგულში. პასუხი, რომელიც მოვისმინეთ ღიმილისმომგვრელია
მართლაც შემაშფოთებელი კადრები ვიხილეთ აქციის დაშლის პროცესში, როგორ იქცეოდა დანიის პოლიცია და როგორ ეპყრობოდა აქციის მონაწილეებს და მით უმეტეს ევროპის შუაგულში. ვხედავთ, როგორი მძიმე ფაქტი მოხდა დანიაში და როცა მოვისმინეთ პასუხი, ეს პასუხი ღიმილისმომგვრელია - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ დანიის ეროვნული პოლიციის მიერ „იმედისთვის“ გამოგზავნილი წერილის შეფასებისას.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოში დემონსტრანტებმა სცადეს, რომ გადაეწვათ პარლამენტის შენობა და ფიზიკური ზიანი მიაყენეს სამართალდამცავებს, ეს ფაქტი არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ორმაგი სტანდარტები გახდა ევრობიუროკრატების მთავარი სავიზიტო ბარათი.
„ევროკავშირმა, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში განიცადა ძალიან რთული ტრანსფორმაცია და ეს ტრანსფორმაცია დღეს გვანახებს, რომ არის აბსოლუტური სტაგნაცია, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, არა მხოლოდ დანიის ფაქტია, მინდა საზოგადოებას შევახსენო, საუბარია გერმანიაში მომხდარ არაერთ ფაქტზე, როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს. მათ შორის საფრანგეთში, ლიონში 750 დემონსტრანტი დაშავდა და არაერთი უხეში დაკავების მეთოდი ვნახეთ, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა პროპორციულ მეთოდებს, ისე, როგორც უნდა იქცეოდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიცია.
რა არის ევროკავშირი?! ევროკავშირი პირველ რიგში არის ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება. სად არის ეს კომპონენტები ევროკავშირისა, რომელიც ჩვენთვის ასე მიმზიდველი იყო?! დღეს თამამად შეიძლება ითქვა, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და არ ვართ წევრი ქვეყანა, ამ კომპონენტებში განიცდის უფრო შესამჩნევ და პოზიტიურ პროგრესს, ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

