
გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომლის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. მისი თქმით, აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად, სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – მათ შორის ვაშინგტონის, მიჩიგანისა და კოლორადოს უნივერსიტეტების პრაქტიკა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს რეალობასა და საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მოდელის შემუშავებას.
„უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებულ განვითარებას.
საბაზო დაფინანსება განისაზღვრება სტუდენტთა რაოდენობის, პროგრამების ღირებულებისა და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტების სტაბილური ფუნქციონირების, ინსტიტუციური მდგრადობისა და ფინანსური ავტონომიის უზრუნველყოფას, ხოლო შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, დაკავშირებული იქნება უნივერსიტეტების მიერ კონკრეტული შედეგების მიღწევასთან, მათ შორის: განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, კვლევისა და ინოვაციების განვითარებასთან, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასთან და რეგიონული განვითარების ხელშეწყობასთან.
აღნიშნული მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდისკენ, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარებისკენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
