
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა და როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ამ კანონმდებლობის გაუქმებას, ლოგიკური დასკვნა მარტივია - კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა, რასაც, რა თქმა უნდა, დავუპირისპირდებით, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული არა ამ ბიუროკრატიის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი იმიტომ იქნა მიღებული, რომ 2020 წელს, სწორედ გაუმჭვირვალე დაფინანსებულმა NGO-ებმა გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები.
„ავიღოთ კანონმდებლობა, ავიღოთ პატიმრების საკითხი, მათ შორის შეკრებების შესახებ კანონმდებლობა. ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯები, რამაც მოგვცა ქვეყნის დამშვიდების შესაძლებლობა. როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. გამჭვირვალობის შესახებ კანონი რატომ იქნა მიღებული - იმიტომ, რომ 2020 წელს, მაგალითად, სწორედ გაუმჭვირვალე დაფინანსებულმა NGO-ებმა გააყალბეს ე.წ. PVT, პარალელური დათვლის შედეგები. გააყალბეს და დღემდე მათი მხრიდან ჩვენ შეფასება არ მოგვისმენია.
შემდეგ, იგივე გამყალბებელი NGO-ები ავიდნენ სცენაზე 2022 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი უშუალო ჩართულობით, მთავრობის ფორმირება. ისინი ღიად ჩაერთნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში, საბაბად გამოიყენეს ამისათვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. ანუ რეალურად, ერთმა სუბიექტმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და იგივე სუბიექტის მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა ამის გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის დაკომპლექტება. შემდეგ იყო რევოლუციის არაერთი მცდელობა. ამ მცდელობებში ღიად იყვნენ ჩართული გაუმჭვირვალედ დაფინანსებული NGO-ები. გამჭვირვალობამ მოგვცა საშუალება, ყველაფრისთვის ფარდა აგვეხადა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაგვერქმია და ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
