
ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა. „Pathfinding Global Alliance“ გაეროს (UN) ეგიდით შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების საკითხებზე მუშაობს.
კონფერენცია ჰიბრიდული რეჟიმით მიმდინარეობს და 52 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ, ასევე მსჯელობენ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, დისკუსიები და პრეზენტაციები მოიცავს თემებს: სოციალური და ალტერნატიული ზრუნვა, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება, ბავშვთა დაცვის ინტეგრირებული მომსახურებები, ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოება და ა.შ.
ირინე წაქაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარება და რეაბილიტაცია სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ნორმები ბავშვთა მიტოვების პრევენციასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას, ირინე წაქაძემ მთავრობის მიერ დამტკიცებულ იმ პროცედურებზეც ისაუბრა, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებს უკავშირდება და ხელს უწყობს უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი რეაგირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე - ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვას.
გარდა ამისა, ზრუნვის სააგენტოში ფუნქციონირებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი (ე.წ. ბარნაჰუსი), რომლის მთავარი მიზანია მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება“, - განაცხადა ირინე წაქაძემ.
„Pathfinding Global Alliance“ -ის კონფერენცია იტალიის ქალაქ ტურინში 4-5 ივნისს იმართება.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge