
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კენჭისყრა შაბათს, გრინვიჩის დროით 09:00-დან 22:00 საათამდე გაგრძელდება, შედეგები კი, სავარაუდოდ, კვირას, გამთენიისას გახდება ცნობილი.
ისლანდიის მოსახლეობა 400 000-ზე ნაკლებია. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის RUV-ის ინფორმაციით, შაბათის კენჭისყრამდე საკუთარი ხმა წინასწარ უკვე ამომრჩეველთა მეხუთედზე მეტს ჰქონდა მიცემული.
ბიულეტენში დასმული შეკითხვაა: „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები?“.
მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია უკვე არის ევროკავშირის ერთიანი ბაზრისა და შენგენის უვიზო სივრცის ნაწილი, როგორც ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი, ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყანას საბაჟო კავშირში შეიყვანს და საბოლოოდ ევროს შემოღებასაც ითვალისწინებს, წერს BBC.
ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მუშაობა საკმაოდ წინ იყო წასული, როდესაც ქვეყანამ მოლაპარაკებები 2013 წელს შეაჩერა. ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დასრულებას შესაძლოა ერთი ან ორი წელი დასჭირდეს.
მოლაპარაკებების ე.წ. 35 თავიდან, რომლებიც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა თევზჭერა, ეკონომიკური პოლიტიკა, სიტყვის თავისუფლება და საქონლის თავისუფალი გადაადგილება, 27-ზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო, ხოლო 11 მათგანი დროებით დასრულებულად ითვლებოდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge