
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილა. მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის რეალურმა მაჩვენებელმა 7.5% შეადგინა. მთლიანმა შიდა პროდუქტმა ნომინალურ გამოხატულებაში 104 მილიარდ 598 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 28 235 ლარია. ინფლაციის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა. მომხსენებელმა ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთ მიშვნელოვან როლს საგარეო სექტორი ასრულებს. გიორგი კაკაურიძის თქმით, 2024 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 10,3%-ით არის გაზრდილი და 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, შემოსავლების ნაერთი ბიუჯეტი 100,7%-ით შესრულდა და 28 მილიარდ 468 მილიონ ლარს გადააჭარბა. ასევე გადაჭარბებით, 100,8%-ით არის შესრულებული სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, გიორგი კაკაურიძის თქმით, შესრულება იყო 99.2%, რამაც ნომინალურ მაჩვენებელში 27 მილიარდ 723 მილიონი ლარი შეადგინა. მომხსენებელმა მხარჯავი უწყებების მიხედვით გამოყოფილი თანხების ათვისებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად ერთნაირია და 95%-დან 100%-მდე მერყეობს. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ათვისების მაჩვენებელი 100,3%-ია. უწყების მიერ 8 მილიარდ 976 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამ თანხიდან სოციალური პროგრამების მიმართულებით ათვისებულია 6 მილიარდ 327 მილიონი ლარი და ათვისების მაჩვენებელმა 100% შეადგინა. ჯანდაცვის პროგრამების ნაწილში ათვისებულია 2 მილიარდ 154 მილიონი ლარი, რაც 100,7%-ს წარმოადგენს. დასაქმების სისტემის ნაწილში ათვისებულია 108 მილიონ 979 ათასი ლარი და შესრულებულია 99,9%-ით. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიმართულებით 246 მილიონ ლარამდეა ათვისებული, 99,8%. კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. საკითხი განსახილველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა. ცვლილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შვილად აყვანის წესით განისაზღვრება შვილად აყვანის მსურველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც დასტურდება სტაბილური ოჯახური გარემოსა და ბავშვის სათანადო აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა და ამ დოკუმენტაციის წარდგენის პირობები. პროცესის პირველ ეტაპზე - შვილად აყვანის მსურველი პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დროს და მომდევნო ეტაპზე - შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადებისას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება დადგინდეს მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზანს ემსახურება.
გარდამავალი რეგულაციების სახით, კანონპროექტი ცვლილების ამოქმედების დროისთვის მშვილებელთა რეესტრში აღრიცხულ პირებზე ახლებური მიდგომის გავრცელების თავისებურებებსაც ითვალისწინებს. როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge