
კვლევა: მხოლოდ ყოველი მეათე ევროპელი ფიქრობს, რომ აშშ მათი მოკავშირეა
ახალი კვლევის თანახმად, ევროპაში აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებისადმი ნდობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
კვლევის თანახმად, 15 ქვეყნის მოსახლეობიდან მხოლოდ ყოველი მეათე რესპონდენტი აღიქვამს შეერთებულ შტატებს მოკავშირედ, ხოლო უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ ვაშინგტონი თავდასხმის შემთხვევაში მათ დასაცავად ჩაერევა.
ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (ECFR) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ევროპაში აშშ-ის მიმართ უნდობლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, კვლევის შედეგები „ამერიკის მიმართ ევროპელთა ღრმა უნდობლობას“ ასახავს.
გამოკითხვა საფრანგეთსა და თურქეთში დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ და ნატოს მნიშვნელოვანი სამიტების წინ გამოქვეყნდა და 15 ევროპული ქვეყნის მოქალაქეების განწყობებს ასახავს.
კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ ვაშინგტონთან ურთიერთობები გაუმჯობესდება, ამ ეტაპზე ისინი სულ უფრო მეტად ემხრობიან ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა შეამცირონ დამოკიდებულება აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკამ, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულმა ქმედებებმა, გრენლანდიასთან დაკავშირებულმა განცხადებებმა, ევროპული ბაზებიდან ამერიკული სამხედრო ძალების შესაძლო გაყვანის დაპირებებმა და NATO-ს მომავლის მიმართ სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ, ევროპაში უფრო პრაგმატული მიდგომის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
პოლონეთში 37% დარწმუნებულია, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ მათ დასახმარებლად მოვა, ხოლო 50% ფიქრობს, რომ მათ რომელიმე ევროპული ქვეყანა დაეხმარება.
დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 35% ფიქრობს, რომ თავდასხმის შემთხვევაში მათ აშშ დაეხმარება, ხოლო 72% დარწმუნებულია, რომ მათ რომელიმე ევროპული ქვეყანა დაიცავს.
