
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვები განახლდა - საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორები ამტკიცებენ, რომ ჯორბენაძესთან კავშირი არასდროს ჰქონიათ, თუმცა, თვითმკვლელობის შესახებ კომენტარები მაინც დაწერეს
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორები ამტკიცებენ, რომ ჯორბენაძესთან კავშირი არასდროს ჰქონიათ, თუმცა ამის მიუხედავად არგუმენტების გარეშე, თვითმკვლელობის შესახებ კომენტარები მაინც დაწერეს. უკვე დაკითხულია მათი წყარო ირაკლი ღარიბაშვილი.
„არანაირი ინფორმაცია იმის გარდა, რაც ინტერნეტში გვაქვს წაკითხული, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს“, - განაცხადა გამოკითხვაზე მისულმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
„არ მქონდა არანაირი წარმოდგენა, ვინ არის ეს ადამიანი [ლაზარე ჯორბენაძე] და მხოლოდ და მხოლოდ ღარიბაშვილის წერილიდან გავიგე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
„დაკითხვა იყო მხოლოდ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სხვა არავითარი საქმე ნახსენები არ ყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილიც კი მხოლოდ ჩემ მიერ იყო ნახსენები, როგორც ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე ჩემი ინფორმირების ერთადერთი წყარო“, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა.
საქმეზე ნიკა გვარამია, ასევე გია ხუხაშვილი გუშინ გამოკითხნენ, ზოგიერთმა კი გამოკითხვა სასამართლოში მოითხოვა.
პროკურატურის განმარტებით, „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი - მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოიკითხებიან ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური, ასევე გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი".
იმედი
წყარო: imedinews.ge