
ლესლი ბეარმან ლამი: ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით, მათ შორის დიზაინის სტანდარტების გაუმჯობესებაში, საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებასა და პროექტებში კლიმატგონივრული მიდგომების ინტეგრირებაში, - განაცხადა განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რითაც უპასუხა კითხვას - როგორ აფასებს ADB საქართველოს სატრანსპორტო სექტორის მოდერნიზაციის პროგრესს?
მისი თქმით, წინსვლა ინსტიტუციურ დონეზეც შეინიშნება, მათ შორის პროექტების დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესების, ასევე აქტივების მართვის ოპტიმიზაციის მხრივ.
„ADB-ისა და ჩვენი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორების ერთობლივი მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ ახლახან დაასრულა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის მონაკვეთი — ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერია. ამასთანავე, მიმდინარეობს განახლებები საკვანძო სატრანსპორტო დერეფნებზე, მათ შორის ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა, ასევე ადრე განხორციელებული შემოვლითი პროექტები — ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, რომლებიც ერთობლივად აძლიერებს საქართველოს როლს კარეკის მეორე დერეფანში და ამაღლებს მის როგორც რეგიონული ლოჯისტიკური ჰაბის პოზიციას.
ინსტიტუციურ დონეზეც შეინიშნება წინსვლა, მათ შორის პროექტების დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესება, ასევე აქტივების მართვის ოპტიმიზაცია. ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის სრული სასიცოცხლო ციკლის ხარჯების შემცირებას და უზრუნველყოფს, რომ ინვესტიციებმა გრძელვადიანი ღირებულება შექმნას. ADB აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან საგზაო აქტივების მართვის სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით, დეკარბონიზაციის მხარდაჭერისა და საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
თუმცა, მოდერნიზაცია ჯერ არ დასრულებულა. ინფრასტრუქტურის მშენებლობიდან სატრანსპორტო ქსელების მართვასა და ოპტიმიზაციაზე გადასვლა — მათ შორის მოვლა-პატრონობის, ციფრული სისტემებისა და ლოგისტიკური ეფექტიანობის გაუმჯობესების გზით — წარმოადგენს მომდევნო ეტაპს. შესაბამისად, ADB მიიჩნევს, რომ საქართველო შედის უფრო მოწინავე ფაზაში, სადაც ტექნოლოგიის, მონაცემების და ინტერმოდალური ინტეგრაციის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლამიმ.
