
ლევან მაჭავარიანი: ჩვენს, ევროკავშირსა და აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას შორის დაძაბული ურთიერთობა დაიწყო იმ დროს, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევრობიუროკრატებმა იცოდნენ, რომ საქართველო მეორე პროქსი ქვეყნად დასჭირდებოდათ და მათ „ქართული ოცნების იმედი არ ჰქონდათ
ჩვენს, ევროკავშირსა და აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას შორის დაძაბული ურთიერთობა დაიწყო იმ დროს, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევრობიუროკრატებმა იცოდნენ, რომ საქართველო მეორე პროქსი ქვეყნად დასჭირდებოდათ და მათ „ქართული ოცნების" იმედი არ ჰქონდათ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი" .
მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემდეგ ტრამპმა ძალიან ბევრ რაღაცას დაარქვა თავისი სახელი, მათ შორის ამ ომსაც დაარქვა, რომ ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და სატელიტ ქვეყნად გამოყენებულია უკრაინა. „ჩვენსა და ევროკავშირს შორის არის ძალიან დაძაბული ურთიერთობა. ასეთი ურთიერთობა იყო ჩვენსა და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციას შორის, თუმცა, შეიცვალა ადმინისტრაცია და საზოგადოება ხედავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღდგეს რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და რა სიგნალებიც, ურთიერთობები და ლაპარაკიც არის ერთმანეთს შორის, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება. თუმცა, ევროკავშირის მმართველ კლასთან რჩება სერიოზული პრობლემები, რადგან ეს ის მმართველი კლასია, რომელიც 2022 წლიდან მართავს ბრიუსელს და სწორედ იმ დროს იწყება დაძაბული ურთიერთობა ჩვენს, ევროკავშირსა და ყოფილ ადმინისტრაციას შორის, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში. ბევრი ფილოსოფია არ არის საჭირო და ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა დარწმუნებულია იმ სიმართლეში, რასაც „ქართული ოცნება" ვსაუბრობთ. მიუხედავად ძალიან დიდი წნეხისა და ზეწოლისა, ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოყენებულიყო პროქსი ქვეყნად, ისე, როგორც გამოიყენეს უკრაინა. როდესაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, მან ძალიან ბევრ რაღაცას დაარქვა თავისი სახელი. მათ შორის ამ ომსაც დაარქვა, რომ ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და სატელიტ ქვეყნად გამოვიყენეთო უკრაინა. დასავლეთში ის გულისხმობდა ყოფილ ადმინისტრაციასა და დღევანდელ ბრიუსელს. ბატონი ტრამპი ძალიან ხშირად საუბრობს წინა ადმინისტრაციაში ე.წ. „დიფსტეიტის“ გავლენებზე, ევრობიუროკრატებზე ბრიუსელის მმართველი კლასიც იმართება ამ ძალებისგან. არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მხრიდან. როდესაც ეს ომი უნდა დაწყებულიყო და იცოდნენ, რომ საქართველო მეორე პროქსი ქვეყნად დასჭირდებოდათ, „ქართული ოცნების" იმედი არ ჰქონდათ, რომ გადაგვადგმევინებდნენ ისეთ ნაბიჯებს, რაც გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ნგრევას", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მან ნაბიჯ-ნაბიჯ გაიხსენა ყველა ქმედება, თუ როგორ ცდილობდნენ ევრო ბიუროკრატები და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია, რომ საქართველოში სიტუაცია რევოლუციისა და რადიკალიზმისკენ წასულიყო.
„შესაბამისად, პირველი ნაბიჯი მათ გადადგეს მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს ომის დაწყებამდე 1 წლით ადრე საქართველოში იმისთვის, რომ აქ სიტუაცია რადიკალიზმისკენ წასულიყო და რომ არ მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის დაკავება. ეს ყველაფერი ასეც მოხდებოდა და თუკი მიხეილ სააკაშვილს დააბრუნებდნენ ხელისუფლებაში, იგი ყველა იმ ნაბიჯს გადადგამდა, რასაც მას მიუთითებდნენ. ეს არ გამოუვიდათ.
ამის შემდეგ ომის დაწყებამდე გაიმართა ორი შეხვედრა, ერთი თებერვლის დასაწყისში, ომის დაწყებამდე და მეორე ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, რომელზეც ჩვენ ასე ღიად არ ვსაუბრობთ, ვინაიდან არ ვკვეთთ რაღაც წითელ ხაზებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა სიტუაცია რომ ყოფილიყო იმგვარი, რომ სასწორზე ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენ ძალიან ბევრ დეტალს გავასაჯაროებდით. ამ ორი შეხვედრის შემდეგ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კელი დეგნანთან, სადაც შინაარსი ერთი და იგივე იყო, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო მეორე ფრონტი. იქ იყო გარკვეული დაპირებები. როდესაც ნახეს ამ ძალებმა, რომ ამ გზით ვერ დაიყოლიეს „ქართული ოცნება", გადაწყვიტეს, რომ ზეწოლის მექანიზმები აემუშავებინათ და ბატონ ზელენსკის გააწვევინეს ელჩი. მათი გეგმა იყო შემდეგი, რომ უკრაინის ადმინისტრაციას უნდა მოეთხოვა შეიარაღების გადაცემა უკრაინისთვის, მთავრობის ოფიციალური ნებართვით, მებრძოლი მოხალისეების ჩარტერული რეისით გაგზავნა და ასევე სანქციების დაწესება რუსეთისთვის. ჩვენ ამ მოთხოვნაზე უარი ვთქვით და ამის გამო ბატონმა ზელენსკიმ გაიწვია ელჩი. თქვენ კარგად გახსოვთ, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, მდიდარმა „ენჯეოებმა“ გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს და მოითხოვდნენ, რომ ჩვენ ეს სამი მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა. როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი გადავაგორეთ, ამის შემდეგ ეს ძალები დარწმუნდნენ, რომ ასე ჩვენ ვერ გვაიძულებდნენ და ჩამოყალიბდნენ, რომ აუცილებლად რევოლუცია უნდა მომხდარიყო საქართველოში.
შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის ყველა კრიტერიუმით ჩვენ ვასწრებდით მოლდოვასაც და უკრაინასაც, ჩვენ დაგვსაჯეს და 2022 წლის ივნისი იყო, როდესაც დაიწყო მორიგი სერიოზული გამოსვლები რუსთაველზე და აპრილში აკერმანის ტრენინგები იმართებოდა, სადაც საუბარი იყო „ქართული ოცნება" კანდიდატის სტატუსს რომ ვერ აიღებს ჩვენ ეს გეგმა უნდა განვახორციელოთო. დაიწყო ეს სერიოზული აქციები, ლომჯარია, გიგაური, ოპოზიციური პარტიები სცენაზე ადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს და ჩვენ ტექნიკურ მთავრობას ჩამოვაყალიბებთო და ა.შ. ესეც გადავიარეთ.
შემდეგ არჩევნების დროს გადაწყვიტა ბრიუსელმა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ჩაეტარებინა არჩევნები, რომ ჩვენ დავემარცხებინეთ. ანტისამთავრობო მიტინგებზე აგზავნიდნენ თავიანთ მინისტრებს და ა.შ. ქართველი ხალხი აქაც მყარად დადგა. გაიაზრეს, რომ ეს იყო ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხეთ ისინი. საბოლოო ჯამში საუბრობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში იქნებოდა მათთვის საბოლოო გზამკვლევი, რომ შეეფასებინათ არჩევნები. საბოლოო ჯამში, ეუთო/ოდირის ანგარიშში ეწერა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული მთავრობა, ცესკომ მოახდინა ადმინისტრირება მაღალ დონეზე და ა.შ. არ მოეწონათ ეს ანგარიში და როგორი გაშავების კამპანია დაიწყეს ეუთო/ოდირის", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge