
ლევან მახაშვილი სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ეს ემსახურება ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ქვეყანაში არ იყოს განვითარება, თუკი რაიმე პერსპექტივა გაჩნდება ქვეყნის გაერთიანების, საძირკველშივე ეს პერსპექტივა იყოს ჩაკლული
წლების და ათწლეულების განმავლობაში ვხედავთ ამ ძალის მხრიდან ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. თუმცა, მათი მხრიდანაც კი სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელია იმ ტიპის მოღალატეობრივი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებამ იხილა, - ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.
„ეს ემსახურება ძალიან მარტივ რაღაცას - რომ ქვეყანაში არ იყოს განვითარება. თუკი რაიმე პერსპექტივა გაჩნდება ქვეყნის გაერთიანების, საძირკველშივე ეს პერსპექტივა იყოს ჩაკლული“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველო აფხაზებისთვის შესათავაზებლად უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის.
იმედი
წყარო: imedinews.ge