
მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, საკონსტიტუციო სასამართლო კანონის ფარგლებში მოახერხებს, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება, რაც 2012 წელს დაუკვეთეს ხელისუფლებას, და ამის შემდეგაც ყველა არჩევნებზე ისევ ეს დაკვეთა მოდის საზოგადოებისგან
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიცია მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი ნაწილი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას უჭერს მხარს.
მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც, ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველოს ინტერესების დათმობას ითხოვენ. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ცალ ფეხზე დგომა“ სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის შემცირებას ნიშნავს.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის რეზოლუციებზე და აღნიშნა, რომ გარკვეული მოთხოვნები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, წარმოადგენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას.
„ესენი არიან მავნებლური პარტიები, უფრო სწორად, ვითომ პარტიები, რადგან პარტიებიც არ შეიძლება ეწოდოს იმ ძალას, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ ბრიუსელს, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ და ა.შ. ცალ ფეხზე დგომა რას ნიშნავს - მართლა ხომ არ გვჯერა, რომ ფიზიკურად ცალ ფეხზე დგომა იგულისხმება? სახელმწიფოს „ცალ ფეხზე დგომა“ ნიშნავს, რომ 50% უნდა გადავცეთ ევროკავშირს; პირდაპირ ითქვა - რასაც გვეტყვიან, ის უნდა გავაკეთოთო, და ეს ერთი კონკრეტული ადამიანის პოზიცია არ იყო, ამას ოპოზიცია დღემდე ამბობს. წავიკითხოთ ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც წერია, რომ საქართველოში უნდა დაკანონდეს კაცების ქორწინება, მაშინ როცა კარგად იციან, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამის წინააღმდეგია; როდესაც ამბობენ, რომ უნდა გათავისუფლდეს კრიმინალი, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის დანაშაული საერთაშორისო სასამართლომაც დაადასტურა - ეს არის პირდაპირი ჩარევა ქვეყნის პოლიტიკაში და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა.
პრინციპულობის დაცვა კი ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკიდან. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონისა და ვადების ფარგლებში მოახერხებს, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება, რაც 2012 წელს დაუკვეთეს ხელისუფლებას, და ამის შემდეგაც ყველა არჩევნებზე ეს დაკვეთა აქვს საზოგადოებას.
