
მაკა ბოჭორიშვილი: ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესების გათვალისწინებას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სამ ქვეყანას შორის პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომლებიც არა მარტო საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.
„დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების პერსპექტივები.
ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება კეთილმეზობლობასა და ნდობას.
თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვის, კულტურულ, ტექნოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა იმართება. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.
