
მარიამ ქვრივიშვილი: პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო
„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resor ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი, ასევე, რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო.
„300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია - ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზოგადად აჭარის რეგიონისთვის. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი - განთავსების ობიექტები, ისევე, როგორც საცხოვრებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის ბრენდის შემოსვლა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აჭარის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, ისევე, როგორც მომსახურების ხარისხის ზრდას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე კაფსულის ჩადების სიმბოლური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, პროექტის ინვესტორებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობის პროცესში, ასევე მისი ოპერირების ფაზაზე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე.
