
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი სანდო პარტნიორი არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც და ბოლო პერიოდის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა
მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისის ნავთობმილსადენთან დაკავშირებით. საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას.
მარიამ ქვრივიშვილის თმით, დღეს პარტნიორები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ქვეყნების სამშვიდობო პოლიტიკას და განჭვრეტად გარემოს.
„საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი სანდო პარტნიორი არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც და ბოლო პერიოდის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა“, - დასძინა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია ის შეთანხმება, რომელიც ელექტროენერგიის თვალსაზრისით გაფორმდა.
„ეს გულისხმობს როგორც იმპორტს, ასევე - ტრანზიტსაც. შემიძლია ვთქვა, რომ შეთანხმება პირველ ნაწილში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ საჭიროებებს და მეორე ნაწილში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის ფუნქციას.
ასევე, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისის ნავთობმილსადენთან დაკავშირებით. საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ისაუბრა ასევე ტრანსპორტის სექტორში განსახორციელებელ ინვესტიციაზეც.
„მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე 7.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება უშუალოდ ტრანსპორტის სექტორში, ეს გულისხმობს მაგისტრალური გზების მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზებას, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
