
მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი და ვითარება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება.
როგორც რუბიომ ერთ-ერთ პოდკასტში აღნიშნა, ვითარება კუბაზე სწრაფად არ შეიცვლება, მას გარდამავალი პერიოდი დასჭირდება, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა.
„ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე, ვიდრე ეს ადმინისტრაცია დაასრულებს მუშაობას, კუბა შეუქცევად გზაზე იქნება და სრულიად განსხვავებული მომავლისკენ წავა. ცხადია, როგორც ყველაფერში, განსაკუთრებით კი ასეთ საკითხში, ყოველთვის ვეუბნები ხალხს: რაღაცას, რასაც 70 წლის განმავლობაში შექმნი, ის ფესვებს გაიდგამს და შემდეგ არ უნდა იფიქრო, რომ ერთ ღამეში შეძლებ მთელი ამ სისტემის ამოძირკვას და მის ნაცვლად სრულიად ახლის შექმნას. ამას გარდამავალი პერიოდი და გარკვეული პროცესი სჭირდება. აღმოსავლეთ ევროპა ამის კარგი მაგალითია. ვნახეთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დაახლოებით სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდათ, რათა რეალურად გამხდარიყვნენ ის ქვეყნები, როგორებადაც დღეს ვიცნობთ. პოლონეთი, ალბათ, ამის საუკეთესო მაგალითია“, - განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, კუბის საკითხი აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინტერვიუს დროს მან თავის კუბურ წარმომავლობასაც გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ ის შეერთებულ შტატებზე მუშაობს და არა კუბაზე.
„ხალხს ყოველთვის ვახსენებ: საბოლოო ჯამში, მე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვმუშაობ. ცხადია, კუბა მაინტერესებს და მასთან პირადი კავშირიც მაქვს, მაგრამ მე კუბისთვის არ ვმუშაობ, მე შეერთებული შტატებისთვის ვმუშაობ. და მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, გვქონდეს უსაფრთხო და სტაბილური კუბა, რომელიც შეერთებულ შტატებთან იქნება დაახლოებული. იგივე დამოკიდებულება მაქვს ვენესუელის მიმართაც“, - თქვა რუბიომ.
იმედი
წყარო: imedinews.ge