
"მთელი სრუტე გაწმენდილი გვაქვს ნაღმებისგან" - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს 100%-ით აკონტროლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტე ნაღმებისგან გაწმინდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ამ სტრატეგიულ გზას სრულად აკონტროლებენ.
"ის ახლა ღიაა. შეხედეთ, ერთადერთი, ვინც ახლა ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-ზღვაო ძალებია. იცით, ჩვენ მთელი სრუტე გაწმენდილი გვაქვს ნაღმებისგან," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სრუტეს "100%-ით" აკონტროლებს.
მანამდე ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებს ახალი პირობა წაუყენა. მან განაცხადა, რომ ირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის კომპენსაციას მოითხოვს მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის ამერიკული კომპენსაცია იყო საჭირო. ირანმა აღნიშნა, რომ სრუტის მართვის შესახებ ომანთან მიღწეული შეთანხმება საკმარისი არ იქნება საზღვაო გზის გახსნისთვის, სანამ შეერთებული შტატები მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge