
მედია: კიევში ერთ დღეში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა. ეს ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
კიევში გასული 24 საათის განმავლობაში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დედაქალაქისთვის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
განგაშის სიგნალები რუსეთის მიერ კიევზე რამდენიმე საათის განმავლობაში განხორციელებულ მასობრივ იერიშს მოჰყვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 აგვისტოს კიევმა საჰაერო განგაშის რეჟიმში ჯამში 872 წუთი, თითქმის 15 საათი გაატარა. წინა რეკორდი, სავარაუდოდ, 2022 წლის 1 მარტს დაფიქსირდა, როდესაც კიევში ერთ დღეში საჰაერო განგაში 12-ჯერ გამოცხადდა.
რუსეთის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა რეგიონების მიმართულებით რეაქტიული დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით განხორციელებულ მასობრივ შეტევებს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგაც გაგრძელდა. 28 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათზე, კიევში კვლავ აფეთქებების ხმა ისმოდა.
„ფრონტის ხაზთან მდებარე რეგიონებისთვის კიდევ უფრო ხანგრძლივი განგაშები ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს. თუმცა ის, რაც კიევმა 27 აგვისტოს გადაიტანა, აჩვენებს, თუ როგორ იყენებს რუსეთი იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრების დასარღვევად - დრონების განმეორებით გაშვებით, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი მთელი დღის განმავლობაში მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, რუსეთი კიევის მიმართულებით დრონებს მცირე ჯგუფებად უშვებდა, რის გამოც ქალაქში მთელი დღის განმავლობაში საჰაერო განგაშის სირენები ისმოდა. თავდასხმებმა შეაფერხა მუშაობა, საზოგადოებრივი სერვისების ფუნქციონირება, ტრანსპორტი და ყოველდღიური ცხოვრება.
იმედი
წყარო: imedinews.ge