ნანა კაკაბაძე: ჩვენი „ქალწული“ ოპო-შპანა ისე იქცევა, თითქოს არც სხვა დასავლურ ქვეყნებში უნახავთ მოძალადე დაუსჯელი პოლიციელები, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგაც არ ერიდებიან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას | იმედი — NEWSGEO
ნანა კაკაბაძე: ჩვენი „ქალწული“ ოპო-შპანა ისე იქცევა, თითქოს არც სხვა დასავლურ ქვეყნებში უნახავთ მოძალადე დაუსჯელი პოლიციელები, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგაც არ ერიდებიან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას
იმედი|imedinews.ge
ჩვენი „ქალწული“ ოპო-შპანა ისე იქცევა, თითქოს არც სხვა დასავლურ ქვეყნებში უნახავთ მოძალადე დაუსჯელი პოლიციელები, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგაც არ ერიდებიან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
იგი დანიაში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილზე, ასევე საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის სისტემური მონიტორინგისა და სამართლებრივი რეაგირების ინიციატივაზე ოპოზიციის წარმომადგენლების გამოხმაურებას აფასებს.
„ისევ ევროპული ღირებულებების შესახებ
დღეს „პალიტრის“ ეთერში ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა საკუთარი გადაცემის თითქმის ერთსაათიანი ეთერი დაუთმო ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი ირაკლი კობახიძის მიმართვას.
ძალიან ეცადა ჟურნალისტი, რომ მთელი გადაცემის მანძილზე სახის მიმიკების, ინტონაციების თუ დამცინავი ტონის მოშველიებით მიწვეული სტუმრებისთვის შეექმნა შესაბამისი ატმოსფერო ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმული აზრების გასაუბრალოებლად და დასაცინად. მაგრამ მერაბ მეტრეველმა დიდი ალბათობით მხოლოდ აკაცუკებს მოაწონა თავი.
ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ამ ჟურნალისტის და მისი სტუმრების მთელი პათოსი იყო იმის დაგმობა, თუ როგორ ბედავს საქართველოს სახელმწიფოს („ჯუნგლების“ ჯოზეფ ბორელის შეფასება) წარმომადგენელი მაღალ მატერიებზე და იდეალებზე ესაუბროს და თან ჭკუა ასწავლოს „ედემის ბაღის“(ჯ.ბორელი), ანუ „მაღალი რასის“ წარმომადგენელი სახელმწიფოების რჩეულებს.
თავისი პოზიციის საყოველთაობისა და მრავალფეროვნების საჩვენებლად მერაბ მეტრეველი ბედნიერებისგან გაცისკროვნებული თვალებით უსმენდა და „ჟჟჟურნალისტურ ცეცხლს“ უნთებდა მის მიერ მიწვეულ 3 პოლიტიკოსს (თაზო დათუნაშვილს, გიგა ლემონჯავას, თენგო კირთაძეს), უფლებადამცველს (გიორგი ბურჯანაძეს) და იურისტს (გიორგი დავითურს). შეიძლება ფართო საზოგადოების აზრით ესენი „ვიღაც“ პოლიტიკოსები იყვნენ, მაგრამ მავანთათვის ისინი ალბათ ჩვენი ბედოვლათი ოპოზიციური პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავები არიან.
აღნიშნულმა პოლიტიკოსებმა გვითხრეს, რომ დანიაში მომხდარი ფაქტი სასიამოვნო სანახავი არ არის, მაგრამ უფრო არასასიამოვნო სანახავია ირაკლი კობახიძე, რომელიც ოპოზიციურ-აკაცუკური შეფასებით რუსულ პროპაგანდას ეწევა, თურმე თბილისში აქ სისტემურ წამებას ჰქონია ადგილიო - 500-ზე მეტი ახალგაზრდა აწამესო თბილისში, ქიმიური იარაღიც გამოიყენესო და ახლა ცდილობენ აჩვენენონო, რომ დანიაში ეს ხდებაო. რომ საქართველოში უპრეცენტო რეპრესიებიაო, ტროტუარზე რომ ვდგავართო, ეს ანგრევს ხელისუფლებას და ამიტომ „ოცნება“ აგონიაშია და ამას ჩვენ 26 მაისს დავამტკიცებთო. აი, როგორ თუ გაბედა „მოძალადე“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ჭკუის სწავლება დაეწყო ჩვენი იდეალური ევროპელებისთვისო.
ეს არის ცინიზმი, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა ვინაიდან ძალადობაზე საუბრობენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომელთა შეფები სწორედ ნაცების ძალადობრივი სისტემის შემოქმედები არიან.
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე (ასკინკილათი რომ აპირებს ქვეყნის შეყვანას ევროკავშირში) ამტკიცებდა, დანიაში პოლიციელები პროტოკოლის მიხედვით მოქმედებენ, იქ ყველაფერი მუშაობს, შეადარეთ ძალადობის მასშტაბი საქართველოსთან, ქართულ პოლიციას ვუსურვებ გადმოიღოს დანიელი პოლიციელების სტანდარტებიო.
იურისტი გიორგი დავითური კი ამბობდა, მე დანიური ხელკეტები არ მომხვედრია, სამაგიეროდ მომხვდა ქართული ხელკეტები და ეს ხდებოდა თბილისში ყოველ კვადრატულ მეტრში. და საერთოდ, ჩემთვის ირელევანტურია რა მოხდა დანიაში ან სხვა ქვეყანაში. იქ პოლიციელებს სახეები უჩანს და ეს ინციდენტი არ წარმოშობს იმხელა რეაგირების მასშტაბს, რაც საქართველოში მოხდა. აქ 100 ათას ადამიანს ჰქონდა სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, მიკვირს, რომ არავინ დაიღუპაო (ეს ბოლო ფრაზა არა იმდენად გაკვირვებით, რამდენადაც დანანებით წარმოთქვა).
ზემოხსენებულ ოპო-პროპაგანდისტებს ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ იმაზე, რომ საქართველოში პოლიცია ძალას (ზოგჯერ არაპროპორციულს) ხმარობდა ძალადობრივი აქციის მოანაწილეთა წინააღმდეგ (სხვა საქმეა, რომ ყველა პროტესტანტი არ ძალადობდა, ვისაც რეპრესია შეეხო, მაგრამ როცა ძალადობრივ აქციაში მონაწილეობ, რეპრესირების რისკი ყოველთვის არის), ხოლო მიწაზე მსხდომ თუ მწოლიარე ადამიანებზე ძაღლებს რომ მიუშვებ და ხელკეტებით დაუნდობლად სცემ, ეს აშკარად არაპროპორციული ძალის გამოყენებაა. იმაზე აპელირება, რომ პოლიციელებს სახე დაფარული არ ჰქონდათ, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იქაური კანონმდებლობა ან პრაქტიკა ასეთი ქმედების ლეგიტიმაციას ახდენს და პოლიციელებს ამიტომაც არ ჰქონიათ იმის შიში, რომ ასეთი ქმედებისთვის ვინმე დასჯიდა.
ჩვენი „ქალწული“ ოპო-შპანა ისე იქცევა, თითქოს არც სხვა დასავლურ ქვეყნებში უნახავთ მოძალადე დაუსჯელი პოლიციელები, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგაც არ ერიდებიან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე წლის წინ საფრანგეთში ე. წ. ყვითელჟილეტიანების გამოსვლების დროს ორ ათეულზე მეტმა პროტესტანტმა დაკარგა თვალი რეზინის ტყვიის მორტყმის შედეგად, მაგრამ ვინ დასაჯა მსროლელი პოლიციელები?
ირაკლი კობახიძის აღნიშნული წერილის განხილვას გადაება ხელისუფლების იმ ახალი ინიციატივის კრიტიკა, რომელიც მოწოდებულია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და ღირსების შემლახველი ლანძღვა-გინების შეზღუდვისკენ.
ეს გეგმა მაშინვე ცენზურის დაწესებად მონათლეს აკაცუკებმა. თითქოს არ იცოდნენ, რომ სწორედ დასავლური სტანდარტით, საჯარო სივრცეში (სოციალური ქსელები კი სწორედ საჯარო სივრცეა) არა ათეულობით და ასეულობით, არამედ ათასობით ადამიანს სჯიან სისტემატურად დასავლურ ქვეყნებში.
ეპისკოპოსი ზენონ იარაჯულიც გამოეხმაურა ხელისუფლების ამ გეგმას და დაწერა,-“არსებობს საფრთხე, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა თანდათან გადაიქცეს საზოგადოებრივი დისკურსისა და ცნობიერების კონტროლის მექანიზმად, რაც საბოლოოდ დააზიანებს როგორც თავისუფლებას, ისე დემოკრატიული თანაცხოვრებისა და სულიერი კულტურის საფუძვლებს”-ო
კი, ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ადამიანი დეჰუმანიზაციის, ძალადობრივი რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოწოდებებისგან. მით უმეტეს, როცა აგრესიული და სიძულვილზე დაფუძნებული დისკურსი ხშირად იქცევა სოციალური პოლარიზაციისა და ფიზიკური ძალადობის საფუძვლად.
მით უმეტეს, ქრისტიანული ეთიკა უარყოფს ადამიანის დამცირებას, სიძულვილსა და ძალადობას, რადგან ადამიანი ღვთის ხატებად მოიაზრება და მისი ღირსება ხელშეუვალია. ამიტომ ქრისტიანობისთვის მიუღებელია როგორც ადამიანის დამცირებისა და სიძულვილის ყოველგვარი ფორმა, ისე თავისუფლების შეზღუდვა.
სამოქალაქო და სამართლებრივ სივრცეშიც რომ დაუშვებელი და დასჯადია აღვირახსნილი და უცენზურო ლანძღვა-გინება, ამაზე კანონმდებლობაც მიუთითებს, მაგრამ რატომღაც ქუჩაში წყევლა-კრულვა და უშვერი სიტყვებით ხმამაღალი ლანძღვა-გინება მაშინვე ფასდება ხულიგნობად და საზოგადოების შეურაცხყოფად, მაგრამ იგივე ქმედება სოციალურ ქსელებში ჩვეულებრივ ამბად აღიქმება, თითქოს სოციალური ქსელი საჯარო სივრცეს არ წარმოადგენდეს. ეს რომ ასეა და ინტერნეტ-სივრცეში ნებისმიერი ადამიანის ლანძღვა-გინება დასჯადი უნდა იყოს, ამაზე ამ საკითხთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც მიუთითებენ.
მთავარია მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ბალანსი ადამიანის ღირსების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის", - წერს ნანა კაკაბაძე.
პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები