
ნანა კაკაბაძე: დღეს მთელ მსოფლიოში ისეა გაბატონებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ იყო მსოფლიო მოდა სოციალისტური რევოლუცია, რომელსაც უნდა დაემხო ბურჟუაზიის ბატონობა და სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების სახელით ნათელი მოეფინა კაცობრიობის მომავლისათვის
„ადამიანის უფლებები - მითები და რეალობა“, - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის აღნიშნავს, დღეს მთელ მსოფლიოში ისეა გაბატონებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ იყო მსოფლიო მოდა სოციალისტური რევოლუცია, რომელსაც უნდა დაემხო ბურჟუაზიის ბატონობა და სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების სახელით ნათელი მოეფინა კაცობრიობის მომავლისათვის.
„ვინც ამას არ იზიარებდა, ის ჩამორჩენილ რეტროგრადად და ბნელი წარსულის მავნე გადმონაშთად ითვლებოდა, რომელთა “ჩარეცხვა” ქვეყნისთვის და ხალხისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანად ითვლებოდა. ამ იდეას მრავალი ადამიანი გულწრფელად ეწირებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამ ღირებულებების საფარქვეშ საკუთარ იმპერიალისტურ ამბიციებს და ანგარებიან მისწრაფებებს იკმაყოფილებდა. ასეა დღესაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად კაცობრიობის ნათელ მომავალს უცნაურად გაგებული ლიბერალიზმი გვთავაზობს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს “ბნელებს” და “ჩამორჩენილებს” საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ გულაგებში აღარ აგზავნიან და აღარც მასობრივად ხვრეტენ. მათ მხოლოდ მორალურად ანადგურებენ, უწყობენ ტერორს, აბულინგებენ, საზოგადოებისთვის მიუღებლად, კეთროვანებად აცხადებენ. დემოკრატიისა და თავისუფლების ეტალონად კი უპირობოდ ევროპისა და ამერიკის პოლიტიკას ასახელებენ. ახალ საუკუნეში, უკვე ბევრი ხედავს და ბევრმაც საკუთარ თავზე იწვნია თუ რამდენად თანხვედრაშია დემოკრატიასა და ღირებულებების პატივისცემაზე, დასავლეთზე არსებული მითი, რეალობასთან. ამერიკის პოლიტიკა დამყარებულია სრულად საკუთარ ეგოზე, გაბატონებული კასტის ინტერესებზე და არა საზოგადო სიკეთეზე, როგორადაც სურთ რომ წარმოაჩინონ. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს როგორც ისტორიულ მაგალითებზე ისე დღევანდელობაზეც. მაგალითად, აღიარებს და აფასებს თუ არა დღეს აშშ-ს პოლიტიკა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, იქ მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ღირსებასა და პატივს. ეს ყოველივე, ნათლად წარმოჩინდა თუნდაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებში. საღად მოაზროვნისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ როდესაც უყურებ, რომ დასავლეთში გაცილებით დიდ ტრაგედიად მიაჩნიათ რამდენიმე ამერიკელის ან ებრაელის გარდაცვალება შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ვიდრე ასეულობით და თუნდაც ათასობით პალესტინელის სიცოცხლის ხელყოფა (მათ შორის ასეულობით ბავშვის), მაშინვე ხვდები, რომ თანასწორობაზე, დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებების მაღალ იდეალებზე საუბარი, უბრალოდ პოზაა, მითია, რომელსაც თანდათან ამსხვრევს რეალობა... ჩვენ ქართველებს, დასავლეთი, გვასმენინებს და გვაყურებინებს სიცრუეს, საქართველოსთან მიმართებაში, რაც ასახულია ქართველ ხალხზე ზრუნვის ყალბ რიტორიკაში. სურთ დაგვაჯერონ, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორი ცუდი ხელისუფლება გვყავს და როგორი არასწორები არიან ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის მიმართ, ქართველ ხალხზე ზრუნვა მაინც ამერიკის პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ მტკნარი სიცრუის და ფარისევლობის ნათელი მაგალითია ისიც თუ როგორ ეპყრობიან თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს ამერიკაში. თუ ასეთი ცუდია საქართველოს ხელისუფლება და ის რეჟიმი, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებშია გამეფებული, საქართველოდან გაჭირვებასა და ძალადობას გამოქცეულები, როდესაც შენთან ეძიებენ თავშესაფარს, ისეთ პირობებში რატომ უნდა განათავსო, რომ 2 კვირაში გარდაიცვალოს 43 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. რა ახსნას უძებნი იმას, რომ აფრიკის ჯუნგლებში გარეკო თავისუფლების მაძიებელი ემიგრანტები, მათ შორის ქართველები. თუ იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებაზეა საუბარი, მაშინ საკუთარ სამშობლოში მაინც დააბრუნე გამოქცეულები. გავიხსენოთ ისიც, რა უქნეს სხვა ქვეყნებს, სადაც დიქტატურის დამხობის სახელით დაერივნენ ადგილობრივ ხელისუფლებებს. იმ ხალხმა შედეგად რა მიიღო? შედეგად მიიღო დამცირება! საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის საჯარო გატაცება, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების უგულველყოფით,ასევე საკუთარი ქვეყნის - ნავთობისა თუ წიაღისეულის მითვისება დამპყრობლის მიერ. მოვიდა დრო, როცა ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, უნდა ვიმსჯელოთ არა რეკლამებით, პროპაგანდით, გაბჟღვრიალებული მანჰეტენით ან თუნდაც ამერიკის წლიური ბიუჯეტით, არამედ იმით, თუ რა სიკეთე მოუტანა ამერიკის პოლიტიკამ იმავე მიწაზე მცხოვრებ აბორიგენებსა თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს. ასევე უპირველესად უნდა გავაცნობიეროთ რისი მომტანი შეიძლება იყოს ამერიკა საქართველოსთვის. კარგად უნდა გავიხსენოთ და გავაანალიზოთ, რა გაუკეთებია ამერიკას სხვათა ინტერესების სასარგებლოდ. ან აქამდე რა აქვს გაკეთებული ჩვენთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ში თუ მთლიანად დასავლეთში ყველა ფარისეველია და გულწრფელად არავის სჯერა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრიმატის. მადლობა ღმერთს, ასეთები იქაც მრავლად არიან, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს ინტერესებზე მიდგება საქმე, იქ ხელისუფალთა მხრიდან არასოდეს ენიჭება პრიორიტეტი ღირებულებებს, მაგ დროს ყველა ხელისუფალი მხოლოდ იმას ანგარიშობს, რა უფრო სასარგებლოა საკუთარი ინტერესებისა თუ მათი ქვეყნისათვის. სწორედ ეს ვერ გაუთვალისწინებია ბევრ გულუბრყვილო ჩვენს თანამემამულეს, როდესაც ჰგონიათ, რომ დემოკრატიულად მიჩნეული ქვეყნების ყველა ნაბიჯი მხოლოდ ჩვენს ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვით არის განპირობებული“, - წერს იგი.
იმედი
წყარო: imedinews.ge