
ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად
საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
იგი ვრცელ პოსტში მიმოიხილავს ოპოზიციის ქმედებებს, მათ შორის 26 მაისის საპროტესტო აქციას.
„საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას
როდესაც ფაქტებზე დაყრდნობილი ანალიზიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ევროპული ღირებულებები ევროპულმა ბიუროკრატიამ თავისი ანგარებითი მისწრაფებების შირმად გადააქცია, ვგულისხმობთ იმასაც, რომ მათ მიერ უგულებელყოფილია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატი - უმრავლესობის მიერ გამოხატული ნების პატივისცემა, რომელსაც უმცირესობა უნდა ექვემდებარებოდეს.
რა თქმა უნდა, უმცირესობას გააჩნია უფლება, უმრავლესობის წარმომადგენელი ხელისუფლების მხრიდან საყოველთაოდ აღიარებული ზოგად ადამიანური ღირებულებების უპატივცემულობის ან ამ ღირებულებებზე დამყარებული კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გააპროტესტოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები თუ ქმედებები, მაგრამ გამუდმებით იმის უსაფუძვლო მტკიცებას, რომ უმცირესობა უმრავლესობაა და ამიტომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, ეს უმცირესობა (ანუ ოპოზიცია) შეჰყავს ჩიხში, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
ამის ნათელი დემონსტრირება იყო 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ასე საგულდაგულოდ, დიდი რუდუნებით ოპო მომზადებული და ჩატარებული 26 მაისის საპროტესტო აქცია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ მხარდამჭერთა რაოდენობაზე გაცხადებულად ორიენტირებული ასეთი პრეტენზიული აქცია არ ჩატარებულა, დავინახავთ ჩიხისკენ სულ უფრო ღრმად მიმავალი ოპოზიციის სავალალო სურათს.
ვგულისხმობთ იმას, რომ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები ოპოზიციის მომხრე გამოვიდა (დაახლოებით 5 ათასი), ვიდრე 4 ოქტომბრის “ხელისუფლების დამხობის” აქციაზე.
მართალია, მაშინ “დამხობის” ორგანიზატორები პროტესტანტთა რაოდენობას 10-ჯერ და 20-ჯერ მეტს გვისახელებდა, ხოლო პაატა ბურჭულაძე მგონი დღესაც ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს იქ მთელი საქართველოს წარმომადგენლობა იყო შეკრებილი და “ეროვნულმა კრებამ” დაამხო კიდეც ხელისუფლებაო, მაგრამ რეალურად მაშინაც მხოლოდ 10 ათასის ფარგლებში მერყეობდა “დამამხობელთა” ოდენობა.
გუშინწინდელ, 2-ჯერ ნაკლები მასშტაბის აქციის მონაწილეთა ოდენობებზე ჩვენი ოპოზიცია ასეთ გიჟურ შეფასებებს აღარ აკეთებს, თუმცა, ზოგადად ამბობენ, რომ ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდაო და ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ. ამ ჟანრიდანაა გუშინდელი აქციის ნიკა გვარამიასებური ნოვატორული შეფასებაც, რომელიც გვიმტკიცებს, რომ აქციის სატელევიზიო რეპორტაჟს ძალიან ბევრი ხალხი უყურებდა და ე. ი. ოპოზიციას ბევრი მხარდამჭერი ჰყავსო.
ვინაიდან ამ “ნოვატორობის” სერიოზულად შეფასება შეუძლებელია, დავანებოთ მას თავი და გავიხსენოთ, რა გზა გაიარეს ოპოზიციამ და მათმა ლობისტებმა იმ ჩიხამდე, რომელშიც დღეს იმყოფებიან.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოლექტიური ნაცმოძრაობა საკუთარ თავს, მომხრეებს და უცხოელ ლობისტებს არწმუნებდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მათზე ნაკლები ხმა მიიღო, მაგრამ არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადაო. ზოგმა მათგანმა მართლაც დაიჯერა, რომ ოცნებამ 300 თუ 400 ათასი ხმა ისე გააყალბა, რომ ერთი მტკიცებულებაც ვერავინ დადო, მაგრამ ოპოზიციონერთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმთავითვე კარგად უწყოდა, რომ არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებული შედეგები თითქმის 100%-ით ასახავდა პოლიტიკურ ძალთა იმ მხარდაჭერას, რაც რეალურად არსებობდა ქართულ ელექტორატში.
ასევე მთელმა დასავლეთმა კარგად იცოდა, რომ მაგალითად, მოლდოვაში და რუმინეთში ბოლო არჩევნების შედეგად მათი ფავორიტები დამარცხდნენ, თუმცა, მაინც მოახერხეს უმცირესობის მიერ არჩეული პრეზიდენტების დასმა ორივე ქვეყნის ხელისუფლების სათავეში. საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დასავლელ გამყალბებელ ანტიდემოკრატებს სრულიად არ აწუხებთ, რომ იქ უხეშად დაირღვა დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი და უმცირესობის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს უმრავლესობას.
მრავალი მცდელობის მიუხედავად, დემოკრატიის ლოზუნგებით შეფუთულ ადგილობრივ თუ დასავლელ ანტიდემოკრატებს საქართველოში ეს არ გამოუვიდათ და დღემდე არ უნდათ იმის აღიარება, რომ დიდი შეცდომა იყო 2024 წელს იმის დაჩემება, თითქოს ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობას “ოცნებისთვის” ხმა არ მიუცია.
მიუხედავად დღემდე გაგრძელებული რამდენიმე ასეული კაცის 500 თუ 600-დღიანი ე. წ. უწყვეტი პროტესტისა, რომელზეც ჩაბღაუჭებული არიან ჩვენი “პატრიოტი” ფსევდოლიბერალები, გუშინდელმა უღიმღამო საპროტესტო აქციამ ყველას დაანახვა, რომ ოპოზიციის აქტიური მომხრეების რაოდენობა არათუ არ იზრდება, არამედ თანდათან უფრო კლებულობს.
თვითონვე ამბობდნენ, ყოველდღე 2 თვის განმავლობაში, მაქსიმალურად ბევრნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ მოეხდინათ ძალის დემონსტრირება მტრებისა და მოყვრების წინაშე, მაგრამ სინამდვილეში გამოუვიდათ უძალობის დემონსტრირება. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 ოქტომბრის “დამხობის” აქციისგან განსხვავებით, ეს ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის კი არა, მთლიანად გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იყო.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ ოპოზიციამ ჩიხში მათი ევროპელი ლობისტებიც შეითრიეს, რომლებიც უტიფრად არ ცნობენ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, რაც ამჯერად იმით გამოხატეს, რომ დემონსტრაციულად გააგრძელეს ხალხისა და ხელისუფლების დაყოფის პროპაგანდისტული ჟესტები და არა ქვეყნის პრემიერს ან პრეზიდენტს, არამედ ზოგადად ქართველ ხალხს ან საქართველოს მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე.
ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ ევროკავშირის ქვეყნები (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა - ავსტრია, იტალია, ვატიკანი...) ხოლო სხვები, რომელთა ლიდერებმაც საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერს მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე (აშშ, ჩინეთი, თურქეთი, იაპონია, მეზობელი სომხეთ-აზერბაიჯანი, აღმოსავლეთის არაბული ქვეყნები...) საქართველოს ხელისუფლებას აღიარებენ ლეგიტიმურად.
ამ პოზიციების დაფიქსირებით ვიღაც დასავლელი პოლიტიკანები იჩემებენ იმის უფლებას, რომ დაადგინონ, ვინ არის ქართველი ხალხი და ვინ უნდა აირჩიონ მათ.
მათთვის ამ აქციაზე გამოსული 5 ათასი კაცი და თუნდაც მათ აზრზე მყოფი კიდევ რამდენიმე ასეული ათასია ქართველი ხალხი და არა საქართველოში მცხოვრები რეალური დიდი უმრავლესობა, რომელმაც ძალაუფლება “ოცნებას” გადასცა.
მოკლედ, დასავლეთი თავს არ ანებებს, თავის ბინძურ მეთოდებს - გათიშე და იბატონეს პრინციპს. შედეგად ხედავს, რომ მათთვის სასურველი მიზანი მიუღწეველი ხდება სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისი, ანუ თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია ამ ქვეყნის უმრავლესობის არჩევანია და არა უმცირესობის.
უმრავლესობის ნების პრინციპულად დაცვა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის, პრემიერმინისტრის და მისი გუნდის სწორად გათვლილი ნაბიჯების შედეგია, რასაც დღეს მტერიც აღიარებს და მოყვარეც (იმ განსხვავებით, რომ მოყვარეს მოსწონს, ხოლო მტერი ბორგავს ამის გამო).
ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ შესაფასებლად ზუსტად და მოსწრებულად იქნა გაცხადებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, რომელმაც მოახდინა ამ აქციაზე დაანონსებული სლოგანის ინტერპრეტირება, და რომელიც ამ პოსტის სათაურშიც არის გამოტანილი", - წერს ნანა კაკაბაძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge