
ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო არასრული 3 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ევროკავშირის 6 წევრ სახელმწიფოში, ექვსივე სახელმწიფოში შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ვგულისხმობ, პოლიტიკური დიალოგის არქონას
მოგეხსენებათ გასულ კვირას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები ვიმყოფებოდით ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, სადაც გვქონდა შეხვედრები, როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნის პარლამენტში,ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში და გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირთან ურთიერთობის პრიზმაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა ბრიუსელსა და ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა შორისაც, პირველ რიგში, იყო საქართველოს უსაფრთხოების საკითხი - მუდმივი მოწოდება სახელმწიფოსადმი, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციას.
„ჩვენ წარვუდგინეთ ის წუხილები, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით ეს წუხილები და როდესაც, ჩვენ უსამართლო მიდგომაზე ვსაუბრობთ, მინდა საზოგადოებისთვის ასევე ნათელი იყოს, თუ რაზე ვესაუბრებით ჩვენ ჩვენს უცხოელ კოლეგებს.
პირველ რიგში, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა - მუდმივი მოწოდება იმაზე, რომ საქართველომ უნდა დააწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ და ჩვენ ავუხსენით ჩვენს ევროპელი კოლეგებს, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური საკითხი და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპასთან, ან თუნდაც უკრაინასთან სოლიდარობის საკითხი. არამედ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხი და ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საქართველო არის ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფოს და შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება ესკალაცია, რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დამატებითი ესკალაცია მოიტანოს და შეიძლება სამხედრო კონფლიქტითაც დასრულდეს,“- განაცხადა სამხარაძემ.
