
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბარამიძის დევნას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ხასიათი აქვს - ეს წარმოადგენს ზემოქმედების მცდელობას ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ ავლენს მზადყოფნას წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გააზრებისთვის
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ ბარამიძის დევნას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს, გახდეს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც მზადაა ღიად ილაპარაკოს „საქართველოს შეიარაღებულ აგრესიასა და მისი მსვლელობისას ჩადენილ დანაშაულებებზე“.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ზემოქმედების მცდელობას ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ ავლენს მზადყოფნას წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გააზრებისთვის.
„თუმცა ისტორიული სიმართლის სრულად დავიწყება შეუძლებელია. დროთა განმავლობაში მოვლენების ობიექტური შეფასება სულ უფრო მეტ დადასტურებას იღებს, მათ შორის ქართველი საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც მზადყოფნას ავლენს აღიაროს დაშვებული შეცდომები, ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების ჩათვლით“, - ნათქვამია კომენტარში.
იმედი
წყარო: imedinews.ge