
ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება - ალიანსის წევრები ერთმანეთს ურთიერთბრალდებებითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით საჯაროდ უპირისპირდებიან
ოპოზიციური ალიანსის წევრები ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს მათ გვერდით ვეღარ ხედავენ. ისმის ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ პარტიას ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გუნდთან ერთად შეუერთდება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ 14 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო განახლება, ყოველთვის ემატებოდნენ ახალი კადრები და ეს მხოლოდ აძლიერებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა „ნაციონალური მოძრაობისთვის. ჩერგოლეიშვილის განცხადებები საერთოდ არ მაინტერესებს, არასოდეს მაინტერესებდა. ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე და საქმიანობაზე მეტყველებს მისი რეიტინგი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.
„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილ კი ოპოზიციურ ავტოკრატიაზე ლაპარაკობს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ რეალური ლიდერების სიმცირესაც სისტემური მიზეზი აქვს.
„ოპოზიციური ავტოკრატია. იქ, სადაც კერპზე მაღალი ვერ გაიზრდები, თორემ კუდიანად შეგრაცხავენ - ლიდერშიფის კრიზისი ბუნებრივია“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში ამ ეტაპზე ფორმალურად არის.
„მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში. ალიანსი ფურცლის ორგანიზაცია ხომ არ არის“, - აღნიშნა გვარამიამ.
„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს: „ვიღაცები მოდიან და მუშაობენ, ვიღაცები არ არიან და არ მუშაობენ, მაგრამ იძახიან, რომ ვმუშაობთო და მე არ ვიცი, სად მუშაობენ. ვინც ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ რაღაც წესების დაცვით, ვისაც არ უნდა ამ წესების დაცვა, არ მუშაობენ ჩვენთან ერთად“.
ოპოზიციური ალიანსი შექმნიდან 100 დღის შემდეგ დაიშალა.
დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა.
პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ 4 ივნისს დაწერა: „არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს“.
მეორე დღეს გვარამიამ ასევე დაწერა, რომ „იმედი აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“, „ოპოზიციის ალიანსის“ საქმიანობაში ელემენტარულ მონაწილეობას მაინც მიიღებს“.
დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით გაგრძელდა.
6 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ნიკა გვარამია გარიგებებში, მიხეილ სააკაშვილისთვის ხმების წართმევის მცდელობასა და ფინანსური სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა.
„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კი სააკაშვილის გუნდზე განაცხადა: „სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება - სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ“.
ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოიღებენ.
გვარამიას „გადაცმული ჩერგოლეიშვილი“ უწოდა ანა წითლიძემ.
თავის მხრივ, გვარამიამ წითლიძის შესახებ განაცხადა: „ფურთხების და ბირჟაზე მჯდომი „სემიჩკის მჭამელ“ პოლიტიკოსის რანგს ვერ გასცდა“.
იმედი
წყარო: imedinews.ge