
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები, მათ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები - საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წაქაძემ განაცხადა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამჯერად სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები – კ.კ. და კ.ა.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები, მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით.
საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით, შპს „სკაიფორტს“ ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე იყო განსაზღვრული. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნულის საფუძველზე, მათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები უნდა გადასცემოდათ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1 258 332 აშშ დოლარი და 411 897 ლარი მიითვისეს.
