
POLITICO: აშშ კუბაზე სამხედრო იერიშის განხორციელებისთვის ემზადება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკური ბლოკადით ჰავანის რეჟიმი ვერ შეცვალა, რის გამოც სამხედრო სცენარს სერიოზულად განიხილავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, თეთრ სახლში განწყობა შეიცვალა: კუბა „უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ“. ახლა პენტაგონი წერტილოვან დარტყმებთან ერთად სახმელეთო ინტერვენციის ვარიანტსაც განიხილავს, რომელსაც რეჟიმის ცვლილება უნდა მოჰყვეს.
„განწყობები ცალსახად შეიცვალა. თავდაპირველად იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ კუბის ხელმძღვანელობა სუსტია, ხოლო სანქციები, სანავთობო ბლოკადა და აშშ-ის წარმატებები ვენესუელასა და ირანში კუბელებს შეაშინებს და მათ გარიგების დადებას აიძულებს. მაგრამ ირანში საქმეები ცუდად წავიდა, ხოლო კუბელები მეტად გამძლე აღმოჩნდნენ, ვიდრე ვარაუდობდნენ“, - უყვება გამოცემას ერთ-ერთი წყარო.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობამ „მთელი რიგი ღონისძიებები“ დაგეგმა. ვარიანტებს შორისაა როგორც წერტილოვანი დარტყმები, ისე კუნძულის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომლის მშობლებიც კუბელი მიგრანტები არიან, თავისი რიტორიკა გაამკაცრა. ადრე ის ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობდა, ხოლო ახლა ამბობს, რომ აუცილებელია ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მოშორება.
„ჩვენ მათ შანსს მივცემთ. მაგრამ არ მგონია, რომ ეს მოხდეს. არ ვფიქრობ, რომ კუბის კურსის შეცვლას შევძლებთ, სანამ ეს ადამიანები ხელისუფლებაშია არიან“, - განაცხადა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
როგორც POLITICO აღნიშნავს, ვაშინგტონის საკვანძო პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კუბის ხელისუფლება „სხვა რეალობაში ცხოვრობს და მას კუბელი ხალხი არ აინტერესებს“. გამოცემის თქმით, კუბის ხელისუფლებამ მოსკოვს დახმარებისთვის უკვე მიმართა და რუსეთმა საწვავით დატვირთული ტანკერი გააგზავნა.

