
POLITICO: ესპანეთი და მაროკო საზღვარს აძლიერებენ სეუტაში მიგრანტების მოსალოდნელი ახალი მასობრივი ტალღის შიშის გამო
ესპანეთისა და მაროკოს ათასობით სამართალდამცველმა პარასკევს სეუტის საზღვრის დაცვა გააძლიერა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა მოწოდებები ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ანკლავში მიგრანტების ახალი მასობრივი შეჭრის შესახებ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გასულ თვეში ესპანეთის ქალაქ სეუტაში 72 000 მიგრანტის უპრეცედენტო შეჭრის შემდეგ სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა მოწოდებები, რომ მსგავსი მასობრივი ნაკადი შაბათს, 15 აგვისტოს, ესპანეთის ეროვნული დღესასწაულის დღეს განმეორებულიყო. მადრიდისა და რაბათის ხელისუფლებები ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას აკვირდებიან და ერთობლივი რეაგირების გეგმაზე მუშაობენ.
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რაშიდ ელ-ჰალფიმ დაადასტურა, რომ ქვეყანა „ყველა აუცილებელ ზომას იღებს უკანონო გადაკვეთის ნებისმიერი მცდელობის აღსაკვეთად“. ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, პარასკევს სასაზღვრო ქალაქ ფნიდექის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედროების მნიშვნელოვანი მობილიზება შეინიშნება.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა ხუთშაბათს სეუტაში ჩავიდა, რათა საზღვრის ინფრასტრუქტურა და ახალი საზღვაო ბარიერი დაეთვალიერებინა, რომელმაც ადამიანებს ქალაქში ზღვით შესვლას უნდა შეუშალოს ხელი. ანკლავში უსაფრთხოების ზომებიც გაძლიერდა, დამატებით 300 პოლიციელი და 2 000 სამხედრო მოსამსახურე განალაგეს.
„ამ ზომებს ვიღებთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ყველას, ვისაც სეუტასა და მელილიაში არალეგალურად შესვლა სურს. არცერთი მათგანი სეუტაში არ დარჩება, ვერცერთი მათგანი იბერიის ნახევარკუნძულზე ვერ მოხვდება და არცერთ მათგანს ლეგალური სტატუსი არ მიენიჭება“, - განაცხადა გრანდე-მარლასკამ.
როგორც POLITICO წერს, მიგრანტების მოსალოდნელი მასობრივი გადასვლის შესახებ ცნობებს ესპანეთის მიგრაციული პოლიტიკის კრიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.
ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და ოჯახის მინისტრმა კლაუდია ბაუერმა გასულ კვირას წერილობით განცხადებაში 15 აგვისტოს მოსალოდნელი მასობრივი ნაკადის შესახებ გავრცელებულ ცნობებსაც შეეხო და მადრიდს მოსთხოვა, „დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად გააძლიეროს საზღვრის დაცვა აფრიკის ტერიტორიებზე მდებარე ანკლავებში და უზრუნველყოს, რომ ამჯერად საზღვარი გაუძლებს“.
იმედი
წყარო: imedinews.ge