
რევაზ სოხაძე სოფელ წკერეში მშენებარე ხიდზე: სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ზედამხედველმა აღმოაჩინა ის ხარვეზები, რაც იყო კონკრეტული ხიდის, კონკრეტულ მონაკვეთზე ბეტონის ჩასხმის პროცესში, გამოავლინა და მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ გამოსწორდეს აღნიშნული, მათ შორის ზედამხედველის ჩართულობით
სოფელ წკერეში, ცხრაკილომეტრიან გვირაბთან მისასავლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციას ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოეხმაურა.
რევაზ სოხაძის თქმით, სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ზედამხედველმა აღმოაჩინა ხარვეზი ბეტონის ჩასხმის პროცესში და მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ გამოსწორდეს აღნიშნული, მათ შორის ზედამხედველის ჩართულობით.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც რაიმე ინფორმაციას აშუქებ, თუნდაც მოპოვებული დოკუმენტის საფუძველზე და ამას აკეთებ ცალმხრივად. ე.წ. შეუსაბამობის დოკუმენტი, რომელიც გამოიცა კონკრეტული ხიდის, ერთ-ერთი მონაკვეთის ჩასხმის დროს ზედამხედველის მხრიდან, ეს არის მუშა პროცესი, კონკრეტულად ამ ობიექტზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ამ მშენებლობაზე გამოცემულია, მსგავსი დოკუმენტი. ჩვენ შეგვიძლია, მათ შორის იმ ჟურნალისტისთვის - მან ერთი დოკუმენტი მოიპოვა და ჩვენ 94-ვე დოკუმენტის გაზიარება მოვახდინოთ.
სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ზედამხედველმა აღმოაჩინა ის ხარვეზები, რაც იყო კონკრეტულად ამ ხიდის, კონკრეტულ მონაკვეთზე ბეტონის ჩასხმის პროცესში, გამოავლინა და მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ გამოსწორდეს, მათ შორის ზედამხედველის ჩართულობით.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი და რა თქმა უნდა, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ჩვენი ფუნქციაა, რომ მაქსიმალურად კონტროლი გავუწიოთ იმას, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით გამოსწორდეს და შესრულდეს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. საერთო ჯამში, ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, ხუთი ხიდი, ხუთი გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი, რომელიც უკვე სრულად გაჭრილია. პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება როგორც კურორტ გუდაურამდე, ისე სტეფანწმინდამდე გადაადგილების უსაფრთხოება. ზამთრის პერიოდში, ზვავსაშიშროების გამო, კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან. შემცირდება მგზავრობის დრო ქვეშეთიდან კობამდე. გადაადგილებას, დაახლოებით 15 წუთი, თბილისიდან გუდაურამდე კი საათნახევარი დასჭირდება. პროექტის საერთო ღირებულება, დაახლოებით 1,200 მილიარდი ლარია.
იმედი
წყარო: imedinews.ge