
POLITICO: ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ითხოვს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის დასანქცირებას იმ აქტივისტების მიმართ მოპყრობის გამო, რომლებიც ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას დააკავეს
ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ითხოვს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის დასანქცირებას იმ აქტივისტების მიმართ მოპყრობის გამო, რომლებიც ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას დააკავეს, - წერს გამოცემა POLITICO.
ისრაელელი მინისტრი კრიტიკის ქარცეცხლში ოთხშაბათს მას შემდეგ მოექცა, რაც სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იგი, როგორც ჩანს, ფლოტილიის აქტივისტებს დასცინის, როდესაც მათ ხელებშეკრულებს მუხლებზე დგომას აიძულებენ.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში. აქ მასპინძლები ჩვენ ვართ“, - ამბობს ბენ-გვირი გავრცელებულ ვიდეოში.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მომხდარი „მიუღებლად“ შეაფასა და დაკავებული იტალიის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ხუთშაბათს კი, ბლოკის მასშტაბით, პოლიტიკურმა ფიგურებმა თავად ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც მოითხოვეს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს სთხოვა, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალი შეხვედრის დღის წესრიგში სანქციების მიღების საკითხი შეეტანა. მან ბენ-გვირი „მიუღებელი ქმედებების“ ჩადენაში და აქტივისტების „შევიწროებასა და დამცირებაში“ დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, „ადამიანის ყველაზე ძირითადი უფლებების დარღვევას“ წარმოადგენს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რომელმაც ბენ-გვირს ესპანეთში შესვლა ჯერ კიდევ გასულ წელს აუკრძალა, ასევე განაცხადა, რომ მადრიდი „ბრიუსელს უბიძგებს“, რათა სანქციები „ევროპული მასშტაბით, გადაუდებელი წესით“ გაფართოვდეს.
პოლონეთში კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მოითხოვა, რომ ბენ-გვირს ქვეყანაში შესვლა აეკრძალოს. POLITICO-სთან საუბრისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, რომ ეს ვიდეო „ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ექსტრემისტი მინისტრების დასანქცირება“.
იმედი
წყარო: imedinews.ge