
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
შაბათს გამართულ კენჭისყრაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 82.5% შეადგინა, მოსახლეობის 52.8%-მა მხარი არ დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას, ხოლო 47.2%-მა თანხმობა განაცხადა.
პოლიტიკური ჯგუფის შეფასებით, ეს შედეგი ასახავს არა უშუალოდ ისლანდიის მომავალს, არამედ იმას, თუ რად იქცა თავად ევროკავშირი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკურად წარმატებული და სუვერენული ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მიმზიდველი აღარ არის, რადგან ისლანდიელმა ამომრჩევლებმა უარი თქვეს საკუთარი შიდა საქმეების გადაწყვეტა რეიკიავიკიდან შორს მდებარე ბრიუსელის ინსტიტუტებისთვის გადაებარებინათ.
„ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის. ამომრჩევლებს სთხოვეს, საკუთარ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება რეიკიავიკიდან შორს მდებარე ინსტიტუტებისთვის გადაეცათ, რაზეც მათ უარი თქვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„პატრიოტები ევროპისთვის“ ხაზს უსვამს, რომ ისლანდია არ არის გამონაკლისი შემთხვევა.
ის ევროპული ეკონომიკური ზონის მეშვეობით მჭიდროდ არის დაკავშირებული კონტინენტთან, თუმცა ამჯობინა დისტანცია შეინარჩუნოს თავად გაერთიანებასთან, მის ჭარბ ბიუროკრატიასა და რეგულაციებთან.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ ევროპულ ინსტიტუტებს, მიიღონ ხალხის ნება ინტერპრეტაციებისა და ზეწოლის გარეშე.
TWITTER POST
იმედი
წყარო: imedinews.ge