
პროკურატურა: გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია
გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
„საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იყო შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.
ასევე, გამოძიების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე უწყება მაქსიმალურად გამჭვირვალე იყო საზოგადოების წინაშე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა არაერთი ბრიფინგი და პრესკონფერენცია, ჟურნალისტებს ამომწურავად მიეწოდათ ყველა კითხვაზე ინფორმაცია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით “facebook”-დან და „Instagram“-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილისპირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge