
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება - რიგით მე-8 კონფერენცია დღეს სიღნაღში გაიმართა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. რიგით მე-8 კონფერენცია დღეს სიღნაღში გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.
ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ბორდის წევრებმა კახეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე შეხვედრა გამართეს. დასაქმება და განათლება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე განსახილველი თემა იყო ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე, რეგიონის და ქალაქის განვითარების მიმართულებები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გეოპოლიტიკურ საკითხებსაც, ასევე იმ ყოველდღიურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები დგანან, როგორიც არის ახალგაზრდული ცენტრების მოწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი სივრცის შექმნის მნიშვნელობას, სადაც ახალგაზრდები საკუთარ საჭიროებებსა და პრობლემებზე ღიად და თავისუფლად ისაუბრებენ.
„ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სიმბოლურია, რომ თვითონ სიტყვა „სამშობლოც“ სხვა არცერთ ენაზე კარგად არ ითარგმნება. ინგლისურად, ფრანგულად არ მოსდევს იმავენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა „სამშობლოში“ ჩანს, ის პირდაპირი კავშირი სიტყვა „მშობელთან“.
ცხადია, ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მოითხოვს მდგრად სიტუაციას ქვეყანაში, აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა. დღეს რამდენი საინტერესო პროექტი მოვისმინეთ, რამდენი საინტერესო იდეა მოვისმინეთ აკადემიური, კულტურული კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია აუცილებლად გაუწევს შუამდგომლობას თითოეულ პროექტს. ეცდება, რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს ძალიან მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და პირიქით, არ არსებობდეს წასვლის სურვილი. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება ბევრ რამეს, დრო სჭირდება ბევრ პროექტს, მაგრამ ამისთვის ესენციალური და ფუნდამენტური არის სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც მადლობა ღმერთს გვაქვს და თავისთავად ვეცდებით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ეცდება, მეც პირადადაც თუ რამე შემიძლია, რომ თქვენს იდეებთან და პროექტებთან დაკავშირებით გვერდში დაგიდგეთ და ვეცადოთ, რომ ყველა კარგი იდეა და მოსაზრება განვახორციელოთ.“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
