მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

დასკვნით ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა. შეხვედრას სასტუმრო „პარაგრაფში“ სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები, ტრადიციულად, ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს. განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების ჩართულობასა და მათ ინტერესზე გამახვილდა, რასაც დამსწრეთა მრავალრიცხოვნობაც მოწმობდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებაა, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებსა თუ საკუთარი ქალაქის განვითარებაში. ტურნეს ფარგლებში მათ მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ხედვები, იდეები და ინიციატივები რეგიონის წინსვლისა და არსებული პრობლემების გამოსწორების კუთხით.

შეხვედრებზე ახალგაზრდების მხრიდან არაერთი კრიტიკული კითხვა დაისვა. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი სრულად ითვალისწინებენ მათ მოთხოვნებსა და სურვილებს. უფრო მეტიც, ითქვა, რომ ახალგაზრდების მიერ წამოჭრილი საკითხები სამუშაო ფორმატში გადავიდა.

შეხვედრებზე მთავარ გამოწვევად დასაქმების პრობლემა, ახალგაზრდული სივრცეების დეფიციტი და მუნიციპალიტეტის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობა დასახელდა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები საჭიროა იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა მიმართულებებს. აქვე აღინიშნა, რომ ორგანიზაციის მიზანია, მომავალში ახალგაზრდებს განვითარების მეტი რეალური შესაძლებლობა მიეცეთ.

„დიდი ნაკლებობა არსებობდა კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ამ შეხვედრების ხარჯზე. ეს შეხვედრები ნებისმიერი ადამიანისთვის ღია იყო. ნებისმიერს შეეძლო დარეგისტრირებულიყო და მოსულიყო. კრიტიკული კითხვებიც არაერთ შეხვედრაზე იყო დასმული, შესაბამისად, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მხოლოდ თანამოაზრეებთან იყო საუბარი. არასასიამოვნო იყო პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება. ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება. ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას, უნდა ემსახურებოდეს მის მოსახლეობას. თუ ვამბობთ, რომ მოსახლეობა არის ის, ვინც ქირაობს პოლიტიკურ ძალას იმისთვის, რომ ის მას მოემსახუროს, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში არიან პოლიტიკური ძალები, ვინც უკვე სხვის მიერ არის ნაქირავები. შესაბამისად, შეუძლებელია, საზოგადოებამ იქირაოს ის, ვინც უკვე ნაქირავებია. განათლების მიმართულებით რომ დაინერგოს მერიტოკრატიული მიდგომა და ახალგაზრდებში ფასდებოდეს განათლება, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გამოწვევა მგონია და ამ მიმართულებით მუშაობა. საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, მათი მთავარი მიზანი და მოტივაცია იყო, რომ მეტ ახალგაზრდას შეხვედროდნენ და ის პოლარიზაცია, რაც ბოლო პერიოდში იყო თავს მოხვეული, დაესრულებინათ და დისკუსია გახსნილიყო ნებისმიერ თემაზე.

„ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შედგა, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას. აუცილებლად გავაგრძელებ მათთან კომუნიკაციას და ურთიერთობას, რადგან, დისკუსიას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის მარიამ გრიგოლიშვილის განცხადებით, მათ ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლიათ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გახლავთ იმის დასტური, რომ როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც და როგორი კრიტიკული შეკითხვებიც არ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მთავარია, ერთი საერთო მიზანი გვაერთიანებდეს - ეს გახლავთ სამშობლოს სიყვარული და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ამ ერთიანი იდეითა და მიზნით, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წინ წავა“, - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

თეკლა თიკანაშვილის თქმით, შეხვედრებმა დაანახათ, რომ ქართულ პოლიტიკაში ქართველი ახალგაზრდების ხმა ნამდვილად ისმის. „ჩვენ მოვისმინეთ მათი იდეები, ინიციატივები და აუცილებლად გადავა მათი ხედვები სამუშაო რეჟიმში. დღეს ჩვენს კონფერენციებს ვაჯამებთ, თუმცა ამით არ სრულდება ის პროცესი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ. წინ ახალი იდეები, ინიციატივები და ახალ-ახალი პროექტებია“, - განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

ნუგო შოშიაშვილის თქმით, კონფერენციებმა მათ დაანახათ, რომ ახალგაზრდებს სურთ საუბარი, თავიანთი აზრის დაფიქსირება. „შესაბამისად, ეს არ იქნება საბოლოო შედეგი, აუცილებლად დავბრუნდებით და ამ კონფერენციებს ექნება განგრძობითი ხასიათი, რათა უფრო მეტად მოხდეს ახალგაზრდებს შორის საუბარი და ეს პოლარიზაცია ეტაპობრივად გაქრეს“, - აღნიშნა ნუგო შოშიაშვილმა.

ანრი მეტრეველმა აღნიშნა, რომ კონფერენციებმა მათ აჩვენეს, რამდენად სჭირდებათ დღეს ახალგაზრდებს პრობლემებზე საუბარი.

„ესეც ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ. ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით ჩატარდა 10 რეგიონული კონფერენცია, რაც უალტერნატივოა იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხმა გააგონონ და ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ, მოგვარდეს. დროა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც გვაწუხებს“, - აღნიშნა ანრი მეტრეველმა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო და საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. თბილისის გარდა, შეხვედრები გაიმართა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
ოცნება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი