
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა და ცნობად მიიღო.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლებია. კერძოდ, იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 9% იყო, თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%. I კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.1%-ია.
მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტში 4.3%-ია, ხოლო ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 4,4%.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 867.0 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მილიონი დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი - 4 143.2 მილიონი დოლარი, რაც 7.1 პროცენტით ნაკლებია შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
მომხსენებელმა ასევე ისაუბრა მომსახურების ექსპორტზე, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 170.4 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, საიდანაც უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 997.5 ათასი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე დაახლოებით 4%-ით მეტია.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 829.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით მეტია 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
მისივე თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.4%-ით გაიზარდა და 797.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
