
Reuters: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დახმარებით, პოლონეთში ძებნილმა ექსმინისტრმა, მადიარის მიერ დაანონსებულ ექსტრადიციამდე, აშშ-ის ვიზის მიღება მოასწრო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს დაავალა, ხელი შეეწყოთ და დაემტკიცებინათ ვიზა პოლონეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრისთვის, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება - ამ ნაბიჯმა მას საშუალება მისცა, უნგრეთიდან აშშ-ში გამგზავრებულიყო, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
პოლონეთი ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზბიგნევ ზიობროს პასუხისგებაში მიცემას ცდილობს. სწორედ ის იყო სასამართლო სისტემის იმ რეფორმების ავტორი, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, ძირს უთხრიდა კანონის უზენაესობას კონსერვატიული პარტიის, „კანონი და სამართლის“ (PiS) მმართველობისას, 2015-2023 წლებში.
ყოფილ მინისტრს ბრალი 26 ეპიზოდში ედება, რაც ძირითადად დანაშაულის მსხვერპლთა ფონდიდან პოლიტიკური მიზნებისთვის თანხების სავარაუდო გაფლანგვას ეხება. თავად ზიობრო ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ პოლონეთის მმართველი პროევროპული კოალიციის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უკან არ დაიხევს, ვიდრე ზიობრო სასამართლოს წინაშე არ აგებს პასუხს.
„ჩვენი პოზიცია პრინციპულია და ნურავის ექნება იმედი, რომ დავნებდებით“, - განაცხადა ტუსკმა.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში კონსერვატიული შეხედულებების მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნის მიერ ძებნილი პოლიტიკოსისთვის ვიზის გაცემა მაინც ძალიან იშვიათი შემთხვევაა“, - აღნიშნავს Reuters-ი.
უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ზიობროს თავშესაფარი იანვარში მიანიჭა. ვარშავა იმედოვნებდა, რომ აპრილის არჩევნებში პეტერ მადიართან ორბანის დამარცხების შემდეგ, ზიობრო პოლონეთში დაბრუნდებოდა. მადიარმა განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოახდენდა მის ექსტრადიციას პოლონეთში.

