
Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია
ირანის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებამ შესაძლოა მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს და ქვეყანაში მასშტაბური პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვიოს, - წერს Reuters-ი სამ ირანელ ოფიციალურ პირსა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
14 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანისთვის ძლიერი ეკონომიკური დარტყმის მიყენებას დაჰპირდა. ერთი დღით ადრე აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ შესაძლოა უკვე ამ კვირაში დააწესოს ისეთი ზომები, რომლებიც „ჯერ არავის უნახავს“. აშშ-ს ჯერ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი.
სააგენტო წერს, რომ ირანი აშშ-სთან ომში მაღალი ინფლაციის, დასუსტებული ვალუტის, ენერგორესურსების დეფიციტისა და სანქციების პირობებში ჩაერთო. ომმა ამ ყველაფერს დაამატა ინფრასტრუქტურის დაზიანება, შეფერხებები ვაჭრობაში, წარმოების ვარდნა და აღდგენითი ხარჯები.
ივლისში ირანში წლიურმა ინფლაციამ 66%-ს მიაღწია, სამომხმარებლო ფასები 87,9%-ით მაღალი იყო, ვიდრე გასულ წელს, ხოლო სურსათის ინფლაციამ 128% შეადგინა, - მოწმობს ირანის სტატისტიკის ცენტრის მონაცემები, რომლებიც Reuters-ს მოჰყავს. მინიმალური ხელფასი წელს დაახლოებით 60%-ით გაიზარდა, თუმცა რიალის კურსის დაცემის გამო მისი ეკვივალენტი დოლარში მარტის ბოლოდან მოყოლებული დაახლოებით $105-დან $86-მდე შემცირდა.
სააგენტოს წყაროების თქმით, სიტუაციას დამატებით ამერიკული საზღვაო ბლოკადა ამძიმებს. ირანი ცდილობს პირველადი მოხმარების საქონელი სახმელეთო მარშრუტებითა და კასპიის ზღვის გავლით გადაზიდოს, თუმცა ხიდებზე განხორციელებული დარტყმები ასეთი გადაზიდვების ღირებულებასა და ხანგრძლივობას ზრდის. ბენზინის იმპორტი ბლოკადის გამო ფაქტობრივად შეწყდა: ქვეყანა დღეში დაახლოებით 130 მილიონ ლიტრს აწარმოებს, მაშინ როცა მოხმარება 137 მილიონ ლიტრს შეადგენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge