
რევაზ სოხაძე: მთავარი გამოწვევა არის სამშენებლო სექტორისთვის ნდობის დაბრუნება
ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საუბარი თავად ხელისუფლებამ დაიწყო, რაც, ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის შეფასებით, სწორი და პასუხისმგებლიანი მიდგომაა. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ თავად მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება და აქტიურად მუშაობს მათი გადაჭრის გზებზე.
„პრობლემებზე საუბარი ჩვენ თავად დავიწყეთ, და ვფიქრობ ყველაზე სწორი პოზიცია ზუსტად ეს არის, როდესაც აღიარებ პრობლემებს და იწყებს მათი გადაჭრის გზების ძიებას. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სამშენებლო სექტორს დავუბრუნოთ ნდობა, მათ შორის საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მხოლოდ დეკლარაციული არ არის. მისი თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ობიექტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აშენდა ან რეაბილიტირდა, უკვე საჭიროებს ხელახალ სამუშაოებს, რაც მიუთითებს პრობლემებზე.
მინისტრმა, ასევე ისაუბრა ფასების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები - რიგ შემთხვევებში ფასები საბაზრო ღირებულებებს დაუახლოვდა. უახლოეს პერიოდში იგეგმება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღებაც. თუმცა, მისი შეფასებით, ფასის გარდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამუშაოების ხარისხსა და შემსრულებელთა პასუხისმგებლობას.
როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული პროექტის შესრულებას ისე, როგორც მოქალაქეები საკუთარ საცხოვრებელ სახლს აშენებენ-მაქსიმალური სიზუსტითა და ყურადღებით თითოეული დეტალის მიმართ. ეს მიდგომა გავრცელდება ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იქნება ეს სკოლა, საბავშვო ბაღი თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წარსულში არსებულ „მავნე პრაქტიკაზეც“, რომელიც, მისი თქმით, მოიცავდა როგორც არასწორ მმართველობით გადაწყვეტილებებს, ისე ბიზნესის მხრიდან არასათანადო ქცევას. მან აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა მიუღებელია და მისი აღმოფხვრა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.