მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუბიოს განცხადებით, აშშ ირანის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის
რუბიოს განცხადებით, აშშ ირანის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის

რუბიოს განცხადებით, აშშ ირანის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი კვლავ მზად არის, ირანთან კრიზისის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა, თეირანი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას არ ავლენს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუბიომ აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ირანთან გაჩაღებულმა კონფლიქტმა მსოფლიოსთვის ორი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული მარშრუტის მუშაობა შეაფერხა.

როგორც Reuters-ი წერს, რუბიომ ამის შესახებ ოთხშაბათს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა. ერთი დღით ადრე ნავთობის სამმა ტანკერმა, რომლებსაც საუდის არაბეთის ნედლი ნავთობი აზიის მიმართულებით გადაჰქონდათ, წითელ ზღვაში კურსი შეცვალა, სავარაუდოდ, იემენში მოქმედი, ირანთან დაკავშირებული ჰუსიტების მუქარის გამო.

ჰუსიტებმა, რომლებიც წითელი ზღვის შესასვლელთან მდებარე სანაპირო ზოლს აკონტროლებენ, ორშაბათს საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის გამოცხადების შესახებ განაცხადეს. ამან ომში, შესაძლოა, ახალი ფრონტი გახსნას.

იმ დროს, როდესაც ირანი უკვე ემუქრება ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებას, წითელი ზღვა საუდის არაბეთის ნავთობისთვის ყურიდან გასასვლელ მთავარ ალტერნატიულ მარშრუტად რჩება - ამ გზით ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობი გადის, წერს Reuters-ი.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანის მაღალჩინოსანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანმა შუამავლებისგან მიიღო წინადადება 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ინიციატივის მიზანია აშშ-სა და ირანს შორის ივნისში გაფორმებული დროებითი ზავის შენარჩუნება, რომელმაც აპრილში მიღწეული შეთანხმება ჩაანაცვლა.

დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესქანდარ მომენი ეწვია შუამავალ ქვეყანას, პაკისტანს და ისლამაბადს მოუწოდა, მოლაპარაკებების ხელშეწყობის მცდელობები გააგრძელოს.

რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ყოველთვის ერთგულია დიპლომატიის მიმართ“, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რამდენად იზიარებს ამ პოზიციას თეირანი.

„პრობლემა, რომელსაც ახლა ვაწყდებით, ის არის, რომ ისინი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულები არ არიან. თუ ისინი სერიოზულად არიან განწყობილი, ჩვენც სერიოზულად ვართ განწყობილი. თუ არა, მაშინ გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ირანს არ შეიძლება მიეცეს ჰორმუზის სრუტის კონტროლის შესაძლებლობა. მისი თქმით, მსგავსი ვითარება მსოფლიოსთვის, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის, სახიფათო პრეცედენტს შექმნის, რადგან ამ რეგიონის ბევრ ქვეყანას ჩინეთთან ტერიტორიული დავები აქვს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

„თუ ახლო აღმოსავლეთში შევქმნით პრეცედენტს, როდესაც ერთ სახელმწიფოს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ საერთაშორისო საზღვაო გზას გააკონტროლებს, გადასახადს დააწესებს და თუ ვინმე არ გადაიხდის, მის გემებს ააფეთქებს, ჩვენ ძალიან საშიშ პრეცედენტს შევქმნით, რომელიც მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც განმეორდება, მათ შორის ამ რეგიონშიც“, - განაცხადა რუბიომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 161 სტატია.

  • აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ თურქულ ბანკსა და მის ორ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესაფორმულა
  • ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდაBM.GE
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

იმედი

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ

იმედი