
რუმინეთმა ჩერნავოდის მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა, რადგან გვალვისგან დამშრალ მდინარე დუნაიში წყლის დონე გამაგრილებელი ტუმბოების მოსამარაგებლად კრიტიკულად შემცირდა
ხუთშაბათს რუმინეთმა ჩერნავოდის მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა, რადგან გვალვისგან დამშრალ მდინარე დუნაიში წყლის დონე გამაგრილებელი ტუმბოების მოსამარაგებლად კრიტიკულად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ხელისუფლების განცხადებით, ეროვნულმა ენერგოსისტემამ სტაბილურობა შეინარჩუნა, ხოლო წარმოქმნილი დეფიციტის აღმოფხვრა იმპორტის, ჰიდროელექტროსადგურების, ქარის ენერგიის, ნახშირბლოკებისა და სარეზერვო გენერაციის ხარჯზე იგეგმებოდა.
28 ივლისს, 1-ელი ენერგობლოკის გათიშვის შემდეგ, რუმინეთმა მოსალოდნელი ენერგოკრიზისის შესახებ ევროკომისიას უკვე აცნობა. მე-2 ენერგობლოკი დამატებით დაახლოებით 700 მეგავატს გამოიმუშავებდა, რაც ეროვნული წარმოების თითქმის 10%-ს შეადგენს.
ჩერნავოდას სადგური, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული დარჩეს.
„მომდევნო 10 დღის პროგნოზი დუნაის ნაკადისა და წყლის დონის უწყვეტ შემცირებას გვიჩვენებს“, - განუცხადა სადგურის დირექტორმა, რომეო ურჟანმა სამშაბათს საღამოს რუმინულ საინფორმაციო გამოცემა Digi24-ს და დასძინა, რომ ამ პერიოდში ოფიციალური პირები მე-2 ენერგობლოკის ხელახლა ჩართვას არ ელოდებიან.
იმედი
წყარო: imedinews.ge