
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელზე: ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე და ესენი თუ კომუნისტური მოსკოვისკენ მიექანებიან, იმათ გამოვექეცით სისხლით და ჩვენ საბჭოთა ბრიუსელი ნამდვილად არ გვხიბლავს
ეს არის ღირებულება დაკარგული ადამიანების კრებული, რომელსაც დღეს გავლენა აქვს ბრიუსელზე და რომელსაც ევროკავშირი მიჰყავს უფსკრულისკენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში მიმდინარე კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ახლა ბრიუსელი მიექანება საბჭოთა მოსკოვისკენ, რაც ქართველ ხალხს საერთოდ არ ხიბლავს.
„ასე იმართება დღეს სხვადასხვა ევროპული ქალაქი და ბრიუსელი. კორუფცია და ადამიანების მიმართ მადისკრიმინირებელი ფაქტები, რომლითაც შემდეგ მართავენ ამ ადამიანებს. ჩვენ ვნახეთ არაერთი კორუფციული სკანდალი, დაწყებული ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერიდან, გაგრძელებული მართლმსაჯულების საკითხზე ევროკომისრით, რომელსაც მე შევხვდი 2021 წელს და მე ეს კაცი მიხსნიდა მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებს და აღმოჩნდა, რომ თავად კორუმპირებულია და ფულს იღებს. მე მასწავლიდა აქ საქართველოში რანაირად უნდა იყოს მართლმსაჯულება ჩამოყალიბებული. ასე უჭირავთ, ასე მართავენ კორუფციით, ფულით, მადისკრიმინირებელი, მაკომპრომეტირებელი მასალებით მართავენ, რომ შემდეგ, როცა დასჭირდებათ უთხრან, რომ თავს უნდა დაესხან საქართველოს, სხვა ქვეყნებს და ა.შ. მე მგონი, დასკვნა გამოტანილია. რაც შეეხება ბრიუსელს, ეს არის ღირებულება დაკარგული ადამიანების კრებული, რომელსაც დღეს გავლენა აქვს ბრიუსელზე და რომელსაც ევროკავშირი მიჰყავს უფსკრულისკენ. ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე და ესენი თუ კომუნისტური მოსკოვისკენ მიექანებიან, იმათ გამოვექეცით სისხლით და საბჭოთა ბრიუსელი ნამდვილად არ გვხიბლავს ჩვენ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
